აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით შემოვიდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით შემოვიდა, რომლის ტრანსპორტირებაც ამ წუთებში სარფის საბაჟოდან ხდება.
როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან ერთად იმყოფება კიდევ ორი პირი, რომლებიც ამ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
„სარფის საბაჟოდან ახლა მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. ერთი არის დადასტურებული შემთხვევა, თუმცა მისი დოკუმენტაცია არ გვინახავს და ეს ინფორმაცია საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე გვაქვს. ვიცით, რომ ერთი არის დადასტურებული და ორი მასთან კონტაქტირებული პირი, ჯამში 3 ადამიანი. ისინი ჯერ კლინიკაში არ შემოსულან. საზღვარზე იყვნენ რამდენიმე წუთის წინ. სავარაუდოდ, არსებულ შემთხვევებს ეს ერთი შემთხვევაც დაემატება. თურქეთიდან ყოველდღიურად საშუალოდ საქართველოს 150 მოქალაქე კვეთს საზღვარს. მაგრამ ისინი გადადიან საკარანტინე სივრცეში 14 დღით“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
ამასთან, ნიჟარაძის ინფორმაციით, გარდა დადასტურებული შემთხვევებისა, თვითიზოლაციაში და კარანტინში 150-მდე პირი იმყოფება.
„შესაბამისად, ამ კონტაქტირებულ პირებში შესაძლოა, წამოვიდეს ახალი შემთხვევები და განხორციელდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მყისიერად. ყველა მეთვალყურეობის ქვეშ არის“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.

























