რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საჭიროება არ დგას

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საჭიროება არ დგას

ქვემო სვანეთში ადგილობრივი ოპერაციული შტაბის თათბირი გაიმართა, რომელსაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კარანტინის ზონად გამოცხადებული ლენტეხის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებას, ასევე სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებას. არჩილ ჯაფარიძის თქმით, მუნიციპალიტეტში დაშვებული იქნება შიდა გადაადგილება, თუმცა აიკრძალება შესვლა-გამოსვლა. მისივე ინფორმაციით, ლენტეხში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადგილობრივები, ვინც მუნიციპალიტეტიდან დროებით არიან გამოსულები. რაც შეეხება ლენტეხიდან გამოსვლას, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, სტუმრად მყოფი მოქალაქეები მუნიციპალიტეტიდან გამოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო შექმნილ ვითარებას, თუ როგორ უნდა მომარაგდეს მუნიციპალიტეტი პროდუქტით, მედიკამენტებით, სადეზინფექციო საშუალებებით. როგორ მოხდება გადაადგილება, როგორც ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, როგორ განხორციელდება თვითიზოლაციაზე მკაცრი კონტროლი და სხვა ისეთი საკითხები, რაც შექმნილ მდგომარეობას ახლავს. რაც შეეხება შესვლა-გამოსვლას, ის მოქალაქეები, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან დროებით არიან გამოსულები, თუმცა იქ მცხოვრებლები არიან, ისინი უპრობლემოდ შევლენ. გამოსვლა აკრძალულია. სტუმრად ვინც იყო, თავისთავად უპრობლემოდ წამოვა, თუმცა სტუმრად უკვე შიგნით ვეღარავინ შევა. სტუმარ-მასპინძლობა და მისვლა-მოსვლა აიკრძალა. რაც შეეხება შიდა გადაადგილებას, ეს დაშვებული იქნება იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საჭიროება არ დგას. „ზოგადად, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის და სხვა მკაცრი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდება და საფრთხე მაღალია. ცაგერში კი ჯერჯერობით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.