ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორემაციას რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საკარანტინო პირობები ლენტეხის რაიონში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში, კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 აპრილს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მხარის რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომაც გაიმართა, სადაც განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხდომას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე, ლენტეხში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე, პროდუქტებით სოფლების მომარაგებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

























