შიდა ქართლის გუბერნატორი - მნიშვნელოვანია, რომ დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვით, მეტი საწარმო იყოს მოქმედი

არსებული მდგომარეობის პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვით, მეტი საწარმო იყოს მოქმედი, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში მოქმედი თევზის საწარმოში არსებული მდგომარეობის გაცნობის დროს განაცხადა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარე თევზის საწარმო სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას და თევზის პროდუქტებით ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს ამარაგებს.
,,ამჟამად არსებული მდგომარეობის პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მეტი საწარმო იყოს მოქმედი, მუშა მდგომარეობაში, რაც რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს - საწარმოს არ შეუწყვეტია ფუნქციონირება და სრულად იცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ამ საწარმოში დასაქმებულია 80-მდე ადამიანი, ასევე, ხორციელდება დისტრიბუცია და თევზის პროდუქტებით შეუფერხებლად მარაგდება მთელი საქართველო“, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.
საწარმოს ფინანსური დირექტორის, გიორგი აბალაკის ინფორმაციით, არც ერთ პროდუქტზე არ მომხდარა ფასების მომატება.
,,საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას, აბსოლუტურად დაცულია ყველა რეკომენდაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ,,უმალის“ არც ერთ პროდუქტზე არ მომხდარა ფასების მომატება და უფრო მეტიც - რამდენიმე მეტად ხელმისაწვდომი პროდუქცია ჩაეშვა წარმოებაში ამ პერიოდში, რითაც საქართველოს ყველა რეგიონი მარაგდება“, - განაცხადა საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო პროექტის - „ერთიანი აგროპროექტი“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

























