ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოთხ სოფელთან დამაკავშირებელ გზებზე ბლოკ-პოსტები განთავსდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხ სოფელთან დამაკავშირებელ გზებზე ბლოკ-პოსტები უკვე განთავსებულია. ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.
როგორც მან განაცხადა, ქობულეთში ინფექციის გავრცელების ყველა სავარაუდო კერა შესწავლის პროცესშია და შემთხვევებთან დაკავშირებით სპეციალისტები დასკვნებს გააკეთებენ.
"გამომდინარე იქედან, რომ დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, ეს უკავშირდებოდა ქობულეთის კლასტერს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რათა მომხდარიყო ქობულეთის რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სპეციალური ღონისძიებების შემოღება, რაც გულისხმობს კარანტინის რეჟიმის გამკაცრებას. ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ლეღვა, მუხაესტატე, გვარასა და წყავროკაში მოხდება, მკაცრი კარანტინის დაწესება. აქედან გამომდინარე, დაწესდება შესვლა/გამოსვლაზე მკაცრი კონტროლი, ამავე დროს პროაქტიური თერმოსკრინინგი მოხდება. საველე რეჟიმში მოახდენენ, ჩვენი ჯანდაცვის უწყების სპეციალისტები თერმოსკრინინგის განხორციელებას, ეს ყველაფერი კლასტერის მომატებული რისკებით იყო გამოწვეული. ამ რეკომენდაციების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის არის სავალდებულო, ეს ნიშნავს რომ თუ კი ამ ყველაფრის დაცვა მოხდება, ჩვენ თავიდან ავირიდებთ ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს, რაც გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების შემოღებას. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია არის მართვადი და დარწმუნებული, ვარ რომ შემდეგი დღეების განმავლობაში ამ რისკებს შევარბილებთ და გავრცელების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი", - აღნიშნა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული.

























