აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.
როგორც ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქობულეთის ე.წ. კლასტერთან კონტაქტში 203 პირი გამოიკვეთა.
ზაალ მიქელაძის თქმით, კარანტინში მოქცეულ ოთხ სოფელში თერმოსკრინინგს მედიკოსები განახორციელებენ, რომლებიც უკვე სოფლებში არიან მობილიზებული.
მინისტრის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელიც თურქეთიდან სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტით შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა.

























