ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 25 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

„მედალფას“ რეგიონული დირექტორის ლევან ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ბათუმში, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ხოლო ერთს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაცია უტარდება. მისივე თქმით, ტესტირების შედეგად 2-ჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს მედდაზე, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დაინფიცირდა. თუმცა, მას ფილტვის პნევმონია აღენიშნება.
„კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე, ის არის ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციაზე, 70 წლის ზევით არის და აღენიშნება ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ის 26 თებერვლიდან იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. მისი მდგომარეობა ლაბორატორიული მონაცემებით უკეთესია და შეიძლება რამდენიმე დღეში ჩვენ ვცადოთ მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნა. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი არიან საშუალო სიმძიმის. დანარჩენ პაციენტებში დაავადება მიდის მსუბუქად, რაც შეეხება მედდას, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დაინფიცირდა, მეორეჯერ უარყოფითი პასუხი აქვს, მაგრამ რჩება ფილტვის პნევმონია და ალბათ რამდენიმე დღე კიდევ დარჩება ჩვენთან იმისთვის, რომ ბოლომდე გამოვაჯანმრთელოთ. ეს პაციენტი დაინფიცირდა პაციენტისგან,“ - აღნიშნა ლევან ანთაძემ.
იხილეთ ვიდეო: ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" მოთავსებული 25 პაციენტიდან 17-ს პნევმონია აქვს

























