არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხის საკარანტინო ზონაში მშვიდი ვითარებაა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა - თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

არჩილ ჯაფარიძე -  ლენტეხის საკარანტინო  ზონაში მშვიდი ვითარებაა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა - თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, მკაცრ თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანი იმყოფება.

„ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში, ვითარება მშვიდია, თერმოსკრინინგი გრძელდება და სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. საერთო ჯამში, თერმოსკრინინგი იქ მცხოვრებ 5 000 ადამიანს ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტი პროდუქტებით, მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება. გუშინ, 2 ტესტის პასუხს ველოდებოდით და საბედნიეროდ, ორივეს პასუხი უაყროფითი აღმოჩნდა. თვითიზოლაციის წესის, ან სხვა რაიმე დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიდის, მედიკოსები მაქსიმალური ყურადღებით აკვირდებიან ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფ პირებს.

კორონავირუსით ჯამში, 5 პირია დაინფიცირებული, ასამდე ადამიანი კი მკაცრ თვითიზოლაციაშია. ისინი პირველადი კონტაქტები არიან. დანარჩენებზე ანალიზის გაკეთება თერმოსკრინინგის დასრულებიბს შემდეგ შეგვიძლია. ამ პროცესებში ოჯახის ექმები არიან ჩართული,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება.

„ჯერჯერობით, არაფრის ნაკლებობა არ გვაქვს. პირბადეების დეფიციტი შეინიშნებოდა და უკვე დღეიდან, აფთიაქებში თვითღირებულებით, 50 თეთრად გაიყიდება პირბადეები. პროდუქტები არის. ადგილზე შექმნილია ჯგუფები, ჩემი მოადგილეები მუდმივად ადგილზე არიან, შეიქმნება თუ არა რაიმე კრიტიკული მომენტი, მყისიერად ჩავერევით და დავარეგულირებთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: ლენტეხში თერმოსკრინინგის პროცესი დასკვნით ეტაპზეა - გუბერნატორი