ქობულეთის მერის განცხადებით, დღეიდან საკარანტინო ზონაში მობილური ბაზარი ამოქმედდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, დღეიდან საკარანტინე ზონაში მობილური ბაზარი ამოქმედდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მირიან ქათამაძე განმარტავს, ამ დროისთვის ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევაა გამოვლენილი, 355 ადამიანი კი თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში იმყოფება.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეალურ სიტუაციას ეფუძნება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულშია. ამ გადაწყვეტილების ყველაზე მთავარი საფუძველი და მიზანშეწონილობის ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული აქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული კოორნავირუსის გავრცელება. რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაფიქსირდნენ დაინფიცირებული ადამიანები, შესაბამისი სამსახურების მიერ მათი კონტაქტები მოძიებულია. ამჟამინდელი მდგომარეობით, 355-მდე ასეთი კონტაქტია გამოვლენილი და აბსოლუტურ კონტროლზეა ეს მიმართულება აყვანილი. ასეთი ადამიანები ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ან საკარატინე ზონაში არიან გადაყვანილი. ამჟამინდელი მონაცემებით, დაინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი არ გვაქვს. ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული 19 პირი უკავშირდება, ახალი დადასტურებული შემთხვევები არ არის. რაც შეეხება სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც საგანგებო რეჟიმის მოქმედებასთან არის დაკავშირებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შესასაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად ახორციელებს. ეს ეხება ამ ზონებში მცხოვრები ადამიანების საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებას“, - განაცხადა ქათამაძემ.
მისივე განმარტებით, მობილური ბაზრები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით იმოქმედებს. როგორც მირიან ქათამაძე აცხადებს, სასურსათო პროდუქტებით მოწყვალადი ჯგუფები დაკმაყოფილდებიან.
„დღეიდან მობილური ბაზრების ამოქმედებას ვგეგმავთ, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინოს საკვები პროდუქტები, რომელიც შესაძლოა, ადმინისტრაციულ ცენტრებში არსებულ მაღაზიებში ვერ იყიდონ. გუშინ, პირადად შემოვიარე ყველა ადმინისტრაციული ერთეული, შევამოწმე არსებული მარაგები და გამოკვეთილი დეფიციტი რაიმე პროდუქტზე არ არსებობს. სოფლის მეურნების სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ვგეგმავთ აღნიშნული მობილური ბაზრების ამოქმედებას. ასევე, იქ არსებულ რამდენიმე აფთიაქს შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციით და გადაწყვეტილებით მომარაგებაში დავეხმარებით, რათა მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობდეს. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, შშმ პირებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს და მოწყვლად ჯგუფებს მერია სასურსათო კალათებს მიაწოდებს“, - განაცხადა ქათამაძემ.
იხილეთ ვიდეო: ქობულეთის საკარანტინო ზონაში დღეიდან მობილური ბაზარი ამოქმედდება

























