აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 27 დადასტურებული შემთხვევიდან სამის მდგომარეობა მძიმეა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 27 დადასტურებული შემთხვევიდან სამის მდგომარეობა მძიმეა

„აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 27 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ამავდროულად მძიმე,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, სხვა ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. მისივე თქმით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 370 პირი თვითიზოლაციაშია და მათზე მეთვაყურეობა ხორციელდება.

„ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია, 3 700 ადამიანის თერმოსკრინინგი ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს. 15 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და 3 პირის ბიოლოგიური ანალიზი აღებულია. 370-დან დაახლოებით, 200 პირის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 25 პირს დაუდგინდა. რაც შეეხება გუშინ გამოვლენილ ინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.