არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, მოსახლეობის თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა

არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, მოსახლეობის თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინიფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არჩილ ჯაფარიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მკაცრ თვითიზოლაციას 100-მდე ადამიანი გადის.

„წუხანდელმა ღამემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა, ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა, თვითიზოლაციაში მყოფები არ არღვევენ თვითიზოლაციის წესებს, საკარანტინე ზონაში მშვიდი ვითარებაა.

კრონავირუსით დაინფიცირებულთა 5 შემთხვევა გვაქვს, პირველადი კონტაქტით დაახლოებით 100-მდე ადამიანია გამოვლენილი და ისინი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მთლიანად საკარანტინე ზონაში 5000 ადამიანია და დღეს, დღის ბოლოს დასრულდება მათი მასობრივი თერმოსკრინინგი, შესაძლოა, რამდენიმე ოჯახი დაგვრჩეს ძალიან მაღალ სოფელში და ხვალ დილით დასრულდეს მათი თერმოსკრინინგი.

აბსოლუტურად არაფრის დეფიციტი არ გვაქვს, სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც ადგილზე აკონტროლებენ დისტრიბუტორების გადაადგილებას, ადგილზე ეცნობიან მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დეფიციტი ხომ არ არის შექმნილი და ყველაფერზე დროული რეაგირება ხდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.