ქობულეთის „ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკის ფინანსური დირექტორი სამკერვალოს თანამშრომლის ინფიცირებას არ ადასტურებს

ქობულეთის „ტექსტელის" თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს სამკერვალო ფაბრიკის ფინანსური დირექტორი გიორგი ლომინაძე არ ადასტურებს. მისი თქმით, იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებიც სოფელ ლეღვას მცხოვრებლები არიან, ჯანდაცვის სამინისტროში გადამოწმდა, თუმცა მათი გვარები ინფიცირებულთა შორის არ ფიქსირდება.
„დილით გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების თაობაზე, რამდენიმე პიროვნებამაც დამირეკა. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან გულდასმით გადავამოწმეთ ჩვენი თანამშრომლების გვარები, რომლებზეც იყო ეჭვი, ისინი არიან სოფელ ლეღვას მცხოვრებლები, მაგრამ ინფიცირებულთა შორის ნამდვილად არ არიან. ჩვენ პრაქტიკულად უკვე თორმეტი დღეა, აღარ ვმუშაობთ, ასე რომ, ეპიდემიოლოგიურად, რამე გართულების მოლოდინი არც გვქონია“, - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ლომინაძემ.
აღნიშნულს გამოეხმაურა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე, რომლის თქმითაც, ე. წ. ქობულეთის კლასტერის ყველა კერა გამოვლენილია და ორგანიზაციების კვლევა არ მიმდინარეობს.
„ქობულეთის შემთხვევაზე ყველა კერა მოკვლეულია. ჩვენს კერებში არა გვაქვს ორგანიზაციული დაწესებულება და მათ შორის ქობულეთის „ტექსტილი". ეს კონკრეტული ინფიცირებული პირი ქობულეთის „ტექსტელთან" არ იკვეთება ეპიდემიოლოგიურად საინტერესო პერიოდში. მე კონკრეტულად ეს ინფორმაცია არ მაქვს. ამ ადამიანს ჩივილების გამოვლენამდე ერთი კვირის განმავლობაში შემხებლობა არ ჰქონია ამ ორგანიზაციულ კოლექტივთან და შესაბამისად, ის საეჭვო და საინტერესო კერების ჩამონათვალში არ შედის, თუმცა ამას დეტალურად მოვიძიებთ და დაგიზუსტებთ კონკრეტურალად. ქობულეთი „ტექსტილის" თანამშრომლებზე გავრცელდება ის შეზღუდვები, რაც ჩვენს რეგიონში ნებისმიერ პირს ეხება, განსაკუთრებით, თუ რომელიმე თანამშრომელი იმ სოფლებიდან არის, დაექვემდებარება მკაცრ იზოლაციას",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

























