გიორგი ხოჯევანიშვილი - სოფელ ხოვლეში სპეციალისტებმა ყველა შესაძლო კონტაქტი გამოკვეთეს, ვისაც შესაძლოა ინფიცირებულთან შეხება ჰქონოდა

კასპის მუნიცპიპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს covid-19 დაუდასტურდა, სპეციალისტები დილიდან მუშაობენ. შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, სოფელში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს კოვიდინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება და იდენტიფიცირება.
„სოფელ ხოვლეში დილიდან მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები. მათ უკვე გამოკვეთეს ყველა შესაძლო პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტი, ვისაც შეიძლება ინფიცირებულ ადამიანთან შეხება ჰქონოდა. აღებულია დამატებითი ანალიზები და როგორც კი მივიღებთ პასუხებს, დამუშავდება ეს ინფორმაცია და მივაწვდით ცენტრალურ შტაბსა და საკოორდინაციო საბჭოს. ადგილზე მუშაობს პოლიცია და მაქსიმალურად აკონტროლებს, რომ არ იყოს სოფელში გადაადგილება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია. აღნიშნული პირი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა.
შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსი ჯამში სამ ადამიანს ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების ორი შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

























