ქობულეთის მერი - ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი შემთხვევა დაემატა

ქობულეთის მერი - ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი შემთხვევა დაემატა

ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი შემთხვევა დაემატა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯამში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია კორონავირუსით ინფიცირებული 29 ადამიანი.

ქათამაძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონაში ამ ეტაპისთვის 5 000 ადამიანია შემოწმებული, დღეიდან კი, შემოწმება სწრაფი ტესტების მეშვეობითაც გაგრძელდება.

„covid19-ით ინფიცირებლების დამატებითი შემთხვევები გვაქვს, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს არის 4 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, ახლა ქობულეთის კლასტერთან გვაქვს 29 დადასტურებული შემთხვევა. ეს 4 ახალი შემთხვევაა იზოლაციაში მყოფ ადამიანებს უკავშირდება, რომელთა მეთვალყურეობაც გრძელდება, ანუ გარე შემთხვევა, რომელიც უცნობია, ან კონტროლის ქვეშ არ არის, არ გვაქვს. კონტაქტები, დაახლოებით, 400-მდე გაიზარდა. ნახევარზე მეტი გატესტილია, ეს უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს.

თერმოსკრინინგის შედეგებიდან 21 შემთხვევა საყურადღებო იყო, 13-ს უკვე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხია, რაც გვახარებს. საერთო ჯამში, 5 000-ზე მეტი პირია გამოკვლეული. დღეს ადგილზე სწრაფი ტესტებიც იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ოპერატიულად მივიღოთ პასუხები, მდგომარეობა კონტროლირებადია და საკარანტინე რეჟიმთან დაკავშირებით, რაიმე სახის გამოკვეთილი პრობლემა არ არის“, - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა