ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან, ფოთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების კვლევის პასუხებს ელოდებიან

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან, ფოთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების კვლევის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან, ფოთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების კვლევის პასუხებს ელოდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოწერელია განმარტავს, ლაბორატორიაში კიდევ ორი პირის ანალიზებია გაგზავნილი.

„მდგომარეობა სტაბილურია, წუხელ სამართალდარღვევის 4 შემთხვევა გვქონდა. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 4 მოქალაქე დაჯარიმდა. კორონავირუსის 1 გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს ფოთიდან, ექიმი არის ინფიცირებული, მისი ოჯახის წევრების ანალიზების პასუხს დღის მეორე ნახევარში ველოდებით. ფოთიდან გუშინ ლაბორატორიაში 2 ნიმუში გაიგზავა, დღეს კი სენაკიდან 2 ნიმუში გაიგზავნება. ამ დროისთვის კარანტინში 51 პირია, მათგან 7 დღეს საკარანტინე სივრცეს დატოვებს, თვითიზოლაციაში 111 მოქალაქეა, თვითიზოლაცია სულ 788 მოქალაქეს მოეხსნა“, - განაცხადა მოწერელიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, სამეგრელოშიც სასაფლაოებისკკენ მიმავალი გზების ჩაკეტვა, სახელმწიფო რწმუნებული პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, საჭიროების მიხედვით იმოქმედებენ.

„ჯერჯერობით, მსგავსი გადაწყვეტილება ჩვენთან არ არის მიღებული, თუმცა, რა მოცემულობაც გვექნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მოწერელიამ.