ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილი სოფლის, სავანეთის მისადგომებთან ბოლნისის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილი სოფლის, სავანეთის მისადგომებთან ბოლნისის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან, 2 სოფელ სავანეთის მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ და ამ დროისთვის პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა დაათვალიერეს.

„ბოლნისში დადასტურებული COVID 19-ის შემთხვევებიდან 2 სოფელ სავანეთს უკავშირდება, ჯერჯერობით პირველადი წყარო უცნობია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ქვემო ბოლნისის მსგავსად სოფელი სავანეთიც დროებით ჩაიკეთა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფლის საზღვრებთან მოეწყო ბლოკპოსტები და სამართალდამცველები სიტუაციას აქტიურად გააკონტროლებენ.

სავანეთსა და მის მიმდებარე სოფლებში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება შეფერხების გარეშე განხორციელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებს დროულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.