ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ რუსთავში სასაფლაო დაიკეტოს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსთავში სასაფლაოს დაკეტვის გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, საკითხზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მოსახლეობა აღნიშნულის თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტს და შესაძლებლობას განვიხილავთ. ამ კუთხით ყველა უწყებასთან ინტენსიურად მიდის საუბარი. ყველა მზად არის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შეასრულოს დავალებები, რაც მითითებებში იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, თუმცა ეს არ იქნება მოულოდნელი. ჩვენი მოსახლეობა დროულად, შესაბამისი ვადებით, წინმსწრებად იქნება გაფრთხილებული “ , - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.
„მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი,“ - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

























