რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება

რუსთავში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 ბლოკ-საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, შესაძლოა უკვე არსებულ ბლოკ-პოსტებს კიდევ რამდენიმე დაემატოს, რათა რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი სრულად მოხდეს. მისივე თქმით, ქალაქში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ რუსთავში რეგისტრირებულ პირებს, ასევე ქალაქიდან გასვლის უფლება ექნებათ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქებს.
„დღეიდან ყველას, ვინც რუსთავში შემოვა, თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. პირველი, რაც მინდა ხმამაღლა ვთქვა და ამას ყველა ნორმალურად და მოთმინებით შეხვდება, ის პირები, რომლებიც არიან რუსთავში რეგისტრირებული და მათ გააჩნიათ შესაბამისი მოწმობა, თუ სხვა ქალაქში იმყოფებიან, შეუძლიათ რუსთავში შემოვიდნენ. ჩვენს ქალაქში მყოფი პირები, რომლებიც სხვა ქალაქებში არიან რეგისტრირებული, მაგალითად, ხაშურში ან გორში, შეუძლიათ ქალაქიდან გასვლა, ეს ხდება ერთჯერადად. აქვე მინდა განვმარტო, ამ დღეების განმავლობაში, ვინც ქალაქიდან სოფლად გავიდა, რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ დღეიდან ნებისმიერ პირს, რომელიც ქალაქში შემოვა, ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. ეს რეგულაციები და ეს გარკვეული სიმკაცრეები ემსახურება ჩვენს ჯანმრთელობას. ბლოკ - პოსტების რაოდენობა დიდი მასშტაბით არა, მაგრამ რამდენიმე დაემატება, ადგილები წისასწარ უკვე შერჩეულია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

























