რუსთავში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთავში, გვიან ღამით, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადეზინფექციო ხსნარებით წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე დამუშავდა ტროტუარები და ცენტრალური გზიდან უბნებში შემავალი გზის მონაკვეთები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე და ისეთი ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.
სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიიღო, პროცესს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრო.
,,დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მომრავლდა ისეთი კონკრეტული ლოკაციები, სადაც ხალხმრავლობაა. ეპიდემიოლოგების რჩევითა და შეთანხმებით, გადავწყვიტეთ ამ ადგილების დამუშავება. დეზინფექცია, გუშინ დილით ჩატარდა ისეთ სივრცეებში, სადაც საშუალება იყო, რომ დილიდანვე დაგვეწყო დამუშავება და ღამით გამოვიყენეთ „კომენდანტის საათი“. ძირითად ლოკაციებად არჩეული გავქვს ტროტუარები, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიები, ადმინისტრაციული შენობების რომლებიც მუშაობს, კერძოდ, პოლიციის , საავადმყოფოებისა და აფთიაქების ტერიტორიები. სადეზინფექციო ღონისძიებები ხვალ და ზეგაც ჩატარდება“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქალაქის ქუჩების დამუშავების სამუშაოები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება. დეზინფექციის პროცესს ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ერთობლივად ახორციელებენ. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში გუშინ, საღამოს 21:00 საათიდან, შესვლა და გამოსვლა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ანალოგიურად შეზღუდულია. ქალაქში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 სხვადასხვა ბლოკ საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება.

























