სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცათ. სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით, 100 000 ლარამდე გამოიყო.
„ამ ეტაპზე, დევნილთა სააგენტო იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველად მომხმარების ნივთები სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი მანჯავიძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ გადასცეს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 1050 დევნილი ოჯახი მიიღებს.

























