სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ბორჯომში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ბორჯომში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბორჯომში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა,- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, მამაკაცის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, თბილისში მასთან ერთად მცხოვრები პირია, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

„ინფიცირებულია 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშობლებთან. 13 აპრილს კოვიდ-19-ით ინფიცირების ფაქტი დაუდასტურდა მის უშუალო კავშირს, ვისთან ერთადაც თბილისში ცხოვრობდა. ჩვენთვის მაშინვე გახდა ცნობილი და დაუყოვნებლივ გადავიყვანეთ საკარანტინე სივრცეში. ავუღეთ ბიოლოგიური ნიმუში, გავუშვით ლუგარის ლაბორატორიაში და დღეს დილით მივიღეთ დადებითი პასუხი. მაშინვე მოვახდინეთ რეგიონალური შტაბის შეკრება, გავატარეთ ყველა შესაბამისი ღონისძიება. მოვახდინეთ ბორჯომის მცხოვრებლების თერმოსკრინინგი, ვისთანაც კავშირი ჰქონდა. უახლოესი კავშირებიდან კვლევისთვის ნიმუშები იქნა აღებული, ჯერჯერობით არავის უდასტურდება კოვიდინფიცირება. მის დაზეც იყო გაშვებული ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პასუხი“,- განაცხადა ამირანაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით სოფელ ახალდაბის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„ვინაიდან, ჯერჯერობით არავის უფიქსირდება კორონავირუსი და მისი კავშირებიც არაა ფართო, მიღებული იქნა გადაწვეტილება, რომ ამ დროისთვის ახალდაბა არ დაიკეტოს, მაგრამ დღეს ლაბორატორიაში 10 ტესტი გაიგზავნება და თუ დადასტურებული შემთხევვები გვექნება, ამის შემდეგ შეიძლება ახალდაბის დაკეტვის გადაწყვეტილებაც მივიღოთ“,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა