იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის საინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, დახმარება იმერეთის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაურიგდათ.
„სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,1050 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
პარალელურად, ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი შენობების დეზინფექცია მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისის, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორის მერაბ კვიცარიძის მხარდაჭერით, 16 დასახლებაში ჩატარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























