ზვიად შალამბერიძე - იმერეთში დილიდან ვაკონტროლებთ, რომ სისრულეში იყოს მოყვანილი სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებული აკრძალვა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, როცა შესვლის სურვილი იყო

ზვიად შალამბერიძე - იმერეთში დილიდან ვაკონტროლებთ, რომ სისრულეში იყოს მოყვანილი სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებული აკრძალვა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, როცა შესვლის სურვილი იყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობა საფლავზე გასვლისგან თავს იკავებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთელი რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, როცა მოქალაქეებმა საფლავზე შესვლა სცადეს.

„დილიდან ვაკონტროლებთ, რომ სისრულეში იყოს მოყვანილი ის აკრძალვა სასაფლაოებზე, რაც უკვე გუშინდელი დღიდან მოქმედებს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოვიარეთ სასაფლაოები და ვნახეთ სიტუაცია. არ გადიან საფლავებზე, ერთეული შემთხვევები გვაქვს მხოლოდ, რომ იყო სურვილი შესვლის. ეს არის ერთეული შემთხვევები მთელი იმერეთის მასშტაბით და ისიც, დიდად უკმაყოფილება არ გამოუხატავთ, რომ ვერ შევიდნენ, რადგან ყველა იყო გაფრთხილებული წინასწარ“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, სასაფლაოებს პოლიციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკონტროლებენ.

„ძირითადად პოლიციაა მობილიზებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა სასაფლაოსთან იმერეთში საგუშაგოს ვერ დავაყენებთ და სხვადასხვა სოფლებში დადიან ეკიპაჟები, ასევე სიტუაციის კონტროლში ჩართულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სოფლის რწმუნებულები და სპეციალისტები “, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებს, როგორც ზვიად შალამბერიძე აცხადებს, იმერეთის რეგიონში ახალი შემთხვევა ორი დღეა არ დაფიქსირებულა და მკურნალობას 26 ადამიანი განაგრძობს.