არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არც ერთი ადამიანი აღარ გვყავს, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, დაავადების გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ 41 პირს აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაავადების გავრცელების ჯაჭვი გაწყდა.
„თვითიზოლაციაში მყოფ 41-ვე პირს აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნა, ანუ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი არ გვყავს. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, დაავადების გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, ასე რომ, ძალიან დამაიმედებელი პროგნოზი და ვითარება გვაქვს. ინფიცირებული სულ 5 ადამიანი გვყავს, რომლებიც თბილისის კლინიკებში არიან მოთავსებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
თუ როდის გაიხსნება ლენტეხის მუნიციპალიტეტი, აღნიშნული უახლოეს პერდიოში გახდება ცნობილი. ჯაფარიძის თქმით, თუკი, რისკები არ იარსებებს, მუნიციპალიტეტი ჩაკეტილი აღარ იქნება.

























