რამაზ საყვარელიძე - იძულებული ვართ მკაცრი შეზღუდვების გზით ვიაროთ ვირუსის დამარცხებამდე, საწინააღმდეგო პოზიციის ლოგიკა ფრაგმენტულია და ძალზე სარისკო

COVID-19-ის პანდემიის გამო საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვხედავთ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა. კვირის ბოლომდე ისევ შეზღუდული იქნება მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. ვხედავთ იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოწვია.

თქვენთვის რამდენად არის მისაღები ხელისუფლების ეს ახალი გადაწყვეტილება?

- სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ არც COVID-19 არის სასიამოვნო. აზრთა სხვადასხვაობაც არაა გასაკვირი, საზოგადოება ბევრი ადამიანის ერთობაა და ყველას თავისი აზრი აქვს.

მთავარია, როგორ მოიქცევა ის, ვინც მართავს ქვეყანას. ამ ვირუსზე განსხვავებული პოზიციები იყო იტალიაშიც. მისმა პრემიერმა დასაწყისში ექიმებს არ დაუჯერა და შეზღუდვები არ დააწესა - ხალხი გიჟად ჩამთვლის ჩვეულებრივი ვირუსის გამო კარანტინი რომ გამოვაცხადოო. პოლიტიკური იმიჯის მოტივით მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ათასობით სოცოცხლე იმსხვერპლა.

სამედიცინო საკითხი უნდა გადასწყვიტონ ექიმებმა, თავდაცვისა - სამხედროებმა, ხელოვნებისა - ხელოვანებმა, განათლებისა - განათლებულებმა. პოლიტიკოსმა უნდა აღასრულოს მათი გადაწყვეტილება და მაშინ არის ის კარგი პოლიტიკოსი. პროფესიონალების მოსმენის უნარით გამოირჩეოდა რონალდ რეიგანი და გამორჩეულ პოლიტიკოსადაც დარჩა ისტორიას.

ამ ვირუსის პერიოდში საქართველოში ხელისუფლების და ექიმების ტანდემი შეიქმნა. პროფესიონალების მოსმენის პრინციპის დამკვიდრება დიდი მონაპოვარია. დღეს ექიმები ამბობენ, რომ თუ კორონავირუსზე მართვას დავკარგავთ, მსხვერპლი გაასმაგდება, რადგან პერსონალი არ გვეყოფაო.

ამ ვირუსის პერიოდში საქართველოში ხელისუფლების და ექიმების ტანდემი შეიქმნა. პროფესიონალების მოსმენის პრინციპის დამკვიდრება დიდი მონაპოვარია. დღეს ექიმები ამბობენ, რომ თუ კორონავირუსზე მართვას დავკარგავთ, მსხვერპლი გაასმაგდება, რადგან პერსონალი არ გვეყოფაო

აგერ, ბოლნიში ექიმები დაინფიცირდნენ და მათი შეცვლა მხოლოდ მოხალისეებით გახდა შესაძლებელი. ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ საქართველოს თავისუფალი არჩევანი არა აქვს.

ჩვენ იძულებული ვართ მკაცრი შეზღუდვების გზით ვიაროთ ვირუსის საბოლოო დამარცხებამდე, რათა მცირე რესურსების გამო თავად არ დავმარცხდეთ. ეს ლოგიკა გასაგებია. საწინააღმდეგო პოზიციის ლოგიკა ფრაგმენტულია და ძალზე სარისკო.

საერთოდ, ექიმების გარდა სხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებზე მსჯელობა ჯერჯერობით სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან საზოგადოების მობილიზაციას ასუსტებს, რაც მოხდა ბევრ ქვეყანაში.

ჩვენ იძულებული ვართ მკაცრი შეზღუდვების გზით ვიაროთ ვირუსის საბოლოო დამარცხებამდე, რათა მცირე რესურსების გამო თავად არ დავმარცხდეთ. ეს ლოგიკა გასაგებია. საწინააღმდეგო პოზიციის ლოგიკა ფრაგმენტულია და ძალზე სარისკო

- ვხედავთ თუ რა ვითარებაში ჩააგდო COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო, ჩვენი სამეზობლო და ჩვენც. რადგან დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მასშტაბური პანდემია სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს საერთაშორისო ცხოვრების პანორამაში, ცხადია, ამ თვალსაზრისით თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ცალკე საუბრის თემაა და ჩვენ მას შეძლებისდაგვარად შევეხებით.

მაგრამ, კარგი იქნება თუ ჩვენს ყურადღებას, პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე შევაჩერებთ. თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის პირობებში შექმნილ ვითარებაში ორი ძირითადი აქტორების ხელისუფლებისა და სამედიცინო პერსონალის მოქმედებებს?

- ჩემი შეფასების საჭიროება არ დგას, პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების და სამედიცინო პეროსნალის მოქმედებამ ბევრი მაღალი შეფასება დაიმსახურა მთელი მსოფლიოდან. რაც მთავარია, ხელისუფლების და ექიმების მოქმედებებს მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მოსახლეობამ. ეს ჩანს იმაში, რომ მოსახლეობა ენდო მათ და დიდი ნაწილი ასრულებს მათ რეკომენდაციებს გამონაკლისი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ უმრავლესობა რეკომენდაციებს იცავს.

ხალხის ნდობა არის ეპიდემიასთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. არადა, როგორ არ უნდა ენდო, როცა ხედავ რომ ეპიდემიის გავრცელება შენთან ათეულ ადამიანს ითვლის დღე-ღამეში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ათასობით ადამიანზე ვრცელდება. კიდევ უფრო მკვეთრი განსხვავებაა სიკვდილიანობაში.

შესანიშნავი მექანიზმი შეიქმნა - ხელისუფლება, პროფესიონალები და მოსახლეობა, სადაც ყველა კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. იშვიათად გვინახავს ამგვარად აწყობილი მექანიზმიც და ამგვარი კარგი შედეგიც

არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს საოცარი შედეგი განაპირობა იმან, რომ ხელისუფლებამ ექიმებს ჭკუის სწავლება არ დაუწყო და თავიდანვე დაჰყვა მათ მოთხოვნებს. ექიმებიც უმაღლესი დონის აღმოჩნდნენ, რომლებსაც სხვა ქვეყნების კარგი გამოცდილების გაზიარებაც შეუძლიათ და ხარვეზიანი გამოცდილების კრიტიკული შეფასებაც.

შესანიშნავი მექანიზმი შეიქმნა - ხელისუფლება, პროფესიონალები და მოსახლეობა, სადაც ყველა კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. იშვიათად გვინახავს ამგვარად აწყობილი მექანიზმიც და ამგვარი კარგი შედეგიც.

- შიდა პოლიტიკაზე საუბარი სრული აშკარად ვერ იქნება თუ არ შევეხებით ერთი მხრივ საზოგადოების, მეორე მხრივ პოლიტიკური ძალების და ასევე ეკლესიის მოქმედებებს ამ ურთულეს ვითარებაში.

რადგან ეკლესია და მისი აქტიურობაც ცალკე და გამორჩეულად რთული თემაა, კარგი იქნება, თუ ჩვენ საუბრს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მოქმედებების შეფასებით გავაგრძელებთ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ იზოლაციაში ყოფნა რთული აღმოჩნდა ყველასთვის, ბევრმა ადამიანმა საარსებო ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა, პრაქტიკულად ლამის ყველაფერი გაჩერებულია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა საკმაოდ კანონმორჩილი აღმოჩნდა. შესაძლოა, აქ კანონმორჩილება არაფერ შუაშიც იყოს, რადგან როცა ადამიანები საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, მათი ქცევა მეტ-ნაკლებად უფრო პროგნოზირებადი და რაციონალურია.

დარწმუნებული ვარ, პანდემიით გამოწვეულ და შექმნილ ვითარებას, თქვენ როგორც ფსიქოლოგი დიდი ინტერესით ადევენებთ თვალს.

დაგვავალებთ, თუ გაგვიზიარეთ თქვენს შთაბეჭდილებებს უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში საზოგადოების ქცევის თავისებუბურებებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენადაა მოსალოდნელი პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში ჩართულ ქვეყანას საზოგადოების მხრიდან სერიოზული გართულებები გაუჩნდეს?

- გეთანხმებით, კორონა-ვირუსმა ბიოლოგიურთან ერთად ბევრი ფსიქოლოგიური სიახლე წარმოშვა. ბრძანეთ - საფრთხეში ადამიანები რაციონალური ხდებიანო. საფრთხე რაციონალურს ხდის ადამიანს რაღაც ეტაპამდე. თუ ადამიანს პანიკა დაეწყო, იგი რაციონალურობას ჰკარგავს.

გახსოვთ, 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს გადასარჩენად ცათამბჯენიდან რომ ხტებოდნენ ადამიანები. შეიძლება პირიქითაც მოხდეს - საფრთხისგან ადამიანი იმდენად რაციონალური გახდეს, რომ ყველა დაავიწყდეს საკუთარი თავის გარდა. ალბათ, ესეც პანიკის ფორმაა.

ბრაზიალიაში თუ აშშ-ში ათასობით დაღუპულია, მაგრამ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, კარანტინს აპროტესტებენ. მათ რომ ჰკითხოთ, ისინი რაციონალურად მოქმედებენ, რადგან სამუშაოს დაკარგვა არ უნდათ და... სხვების სიკვდილი აღარ ადარდებთ.

ეგოიზმში დასდო ბრალი იტალიამ ევროპის ქვეყნებს. საფრთხისგან გაჩენილი ეგოიზმის ყოფითი მაგალითიც შეიძლება გავიხსენოთ - უკრაინელთა ერთმა ჯგუფმა თებერვლის თვეში როგორ დააყარა ქვები ავტობუსს, რომელშიც ჩინეთიდან ევეკუირებული უკრაინელები ისხდნენ.

ესეიგი, საფრთხეში ადამიანები ადამიანურობასაც ჰკარგავენ ხოლმე. ამდენად, საფრთხე ბევრნაირ რეაქციას წარმოშობს, რაშიც ადამიანის ფსიქიკა ჩანს. კორონასგან მოწყობილი ამ გამოცდის ფონზე განსაკუთრებით მეამაყება ქართველობა.

კაცთმოყვარეობით აჯობა საქართველომ კორონა-ვირუსს დღევანდლამდე. სხვათაშორის, კორონაზე გამარჯვებაში ქართველების კაცთმოყვარეობის როლი უცხოელებმაც აღნიშნეს. ამდენად, კორონას საფრთხემ საკუთარი თავი დაგვანახა ჩვენც და, ალბათ, სხვასაც

უცხოეთიდან თანამემამულეების დაბრუნება მხოლოდ უხაროდათ ქართველებს, ამ ემოციურ ქართველებს პანიკაც, პრაქტიკულად, არ დატყობიათ. ამ ემოციური ქართველების დიდმა ნაწილმა დარდიმანდობა დროზე მოკვეცა და იტალიელების შეცდომა არ გიმეორა.

სამაგიეროდ, მთელი ემოცია ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვაში, ერთმანეთის მოფრთხილებაში გადაიტანეს, რაც ყველგან იგრძნობა. ქართველებს, ოდითგან რიგების გვერდის ავლა გვიყვარს. დღეს პირაკრულები რიგს ვიცავთ მაღაზიების წინ, რითაც სხვას ვუფრთხილდებით. პოლიციელები მეგაფონით აღდგომას ულოცავენ ბინებში გამოკეტილ ადამიანებს, რომ სითბო აგრძნობინონ.

უამრავი სიკეთით სავსე ანეკდოტის მოზღვავებაა. აღარაფერს ვამბობ ექიმების თავდადებაზე. კიდევ რამდენი რამ შეიძლება ითქვას და უნდა ითქვას - უნდა ითქვას, რათა გამყარდეს ჩვენ ცნობიერებაში, რომ სიკეთეშია ჩვენი ბუნება, რომ გაბოროტებული ქართველი ქართველობას ჰკარგავს. რაციონალიზმისა არ ვიცი, და ქართველების დიდმა ნაწილმა კაცთმოყვარეობა ნამდვილად აჩვენა.

ამ კაცთმოყვარეობით აჯობა საქართველომ კორონა-ვირუსს დღევანდლამდე. სხვათა შორის, კორონაზე გამარჯვებაში ქართველების კაცთმოყვარეობის როლი უცხოელებმაც აღნიშნეს. ამდენად, კორონას საფრთხემ საკუთარი თავი დაგვანახა ჩვენც და, ალბათ, სხვასაც.

- პანდემიის გამო ქვეყანას იმ მასშტაბისა და ხასიათის გამოწვევების წინაშეა, რომ ახლა როგორც ომის პირობებში ქვეყანას მისი მოქალაქეების არა მხოლოდ კანონმორჩილების, არამედ კონსოლიდირების მკაფიო დემონსტრირება სჭირდება.

პასუხიმგებლობის მქონე არა ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შესთავაზა ხელისუფლებას აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ ვხედავთ, რომ მთავრობას, ოპოზიციის არც ერთი პრაგმატული და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი წინადადება არ გაუზიარებია და ისეთი პირი უჩანს, არ აპირებს ოპოზიციის ნაწილთან მაინც თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნას.

გასაგებია, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა ის, რომ გასამართლებულმა და ძებნაში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელისუფლებისაგან მოითხოვა დიპლომატიური სტატუსის მინიჭება და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ქვეყნისთვის ფინანსების მოზიდვაზე ზრუნვა.

მითუმეტეს, რომ უკვე ცნობილია ის, რომ საქართველო საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისაგან წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

შექმნილ ურთულეს ვითარებაში პასუხიმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზეა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ამ კრიტიკულ ვითარებაში ოპოზიციის ნაწილთან მაინც თანამშრომლობას?

- ეს ახალი მოვლენა არაა. სააკაშვილის ხელისფლებაც არ თანამშრომლობდა ოპოზიციასთან. ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი საააკაშვილის მიმდევრები არ ცდილობენ თანამშრომლობას. მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კალაძემ თანამშრომლობა შესთავაზა ყოფილ კონკურენტებს, მაგრამ მათ ზურგი შეაქციეს.

მაშინ არავის უკითხავს რატომ ამბობს ოპოზიცია უარს თანამშრომლობაზეო, თუმცა ეს უფრო გასაკვირი იყო. როგორც ჩანს, თანამშრომლობაზე უარის თქმა მარტო ხელისუფლების თვისება არ არის. ვფიქრობ, ასეთ შეთავაზებებს სხვა ფორმა და შინააარსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

როგორც ჩანს თანამშრომლობაზე უარის თქმა მარტო ხელისუფლების თვისება არ არის. ვფიქრობ, ასეთ შეთავაზებებს სხვა ფორმა და შინააარსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია

- „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები, რომლებთან ეკონომიკის სფეროში საქმის კეთების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ, კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად 3 მილიარდიანი დახმარება დასჭირდებოდა.

მეტიც, თუ რაში და როგორ უნდა უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ეს დახმარება საკმაოდ გასდაგებად და კვალიციციურად საუბრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს - თუ სახელმწიფო სწორად იმოქმედებს, ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა პოსტპანდემიურ მსოფლიოში კომპანიების გადანაწილებისას ვიხეიროთ”.

ვხედავთ, რომ ახლა როცა უკვე ვიცით, თუ რა რაოდენობის დახმარებას მიიღებს ქვეყანა ჩვენი პარტნიორებისაგან, ხელისუფლებას ჯერ არ აქვს პერსპექტივაზე გათვლილი ანტიკრიზისული გეგმა. არადა, ამგვარი გეგმის თუ მთელი ნაწილი არა, ძირითადი მონახაზი „ლელოს“ აქვს, მაგრამ მასზე ხელისუფლება ცდილობს არ ისაუბროს.

გასაგებია, რომ 2020 წელი საარჩევნო წელია, მაგრამ ახლა როცა მხოლოდ არჩევნების შედეგებიც აღარაა ისე მნიშვნელოვანი, თქვენი აზრით, რატომ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს საიმისოდ, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში მთავრობას მოქმედების ისეთი ერთიანი, ეფექტური და რაც ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და კვალიფიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეჯერებული გეგმა ჰქონდეს?

- თქვენ კითხვაზე პასუხს ეკონომისტის კომპეტენცია სჭირდება, რაც მე არ მაქვს. ზოგადად, არ მიკვირს, რომ ხელისუფლება ცდილობს იყოს ხელისუფალი. თუ ოპოზიციური პარტიის გეგმით იმოქმედა, მისი ხელისუფლობისგან არაფერი დარჩება.

როცა შეთავაზებას აკეთების ის, ვისაც პოლიტიკური ინტერესი არა აქვს, მაგალითად, ექიმები, როგორც ვნახეთ, ხელისუფლება ყურს უგდებს.

ხელისუფლება ცდილობს იყოს ხელისუფალი. თუ ოპოზიციური პარტიის გეგმით იმოქმედა, მისი ხელისუფლობისგან არაფერი დარჩება

თანაც, სავარაუდოა, რომ ხელისუფლებასაც რაღაც ეკონომიკური გეგმები აქვს. გვპირდება გეტყვითო. მერე პროფესიონალებმა შეაფასონ დაგროვილი მიდგომები და თქვან ღირს თუ არა მათი შეჯერება.

- გვერდს ვერ აუვლით ეკლესიის თემას. რა თქმა უნდა, ეკლესიასთან თეოლოგიურ კამათის რეჟიმში არც და ვერც ვიქნებით, მაგრამ აღდგომის ჩატარების ფორმაზე ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის წინასააღდომო დიალოგმაც და შედეგმაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.

აშკარად გაუგებარი გახლდათ ის, რომ ხელსისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ განაცხადეს, რომ მაათ კეთილგონიერებაზე იყო დამოკიდებული დაარღვევდნენ თუ არა კანონს. შემდეგ როცა ეკლესიის მხრიდან დიდ წინააღმდეგობა შეხვდათ, საქმეში ექიმები ჩართეს და მთავარი სათქმელიც მათი ათქმევინეს.

ყველაზე ცუდი აღსაქმელი ალბათ ის იყო, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ ვერ თუ არ თქვა, რომ კანონი ყველასთვის თანაბარი იქნებოდა. აღარაფერს ვამბობ, თავად მღვდელმთავართა მხრიდან ლამის გაუგონარ პოზიციონირებაზე ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ლამის მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკლესიის მსახურთა ნაწილს მაინც სურდა საკუთარი ძალის დემონსტრირება.

კარგია, რომ აღდგომის ღამემ განსაკეთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ალბათ, მაინც ადრეა საუბარი ეპიდოლოგიური თვალსაზრისით რამდენად წარმატებული იყო აღდომის ღამე.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ერთი მხრივ ეკლესიის, ხოლო მეორე მხრივ ხერლისუფლების, ხოლო მესამე მხრივ მრევლის ქცევამ?

- სსრკ-ს დანგრევის შემდეგ დიდი ხნის შეკავებულ ლტოლვას ეკლესიისკენ გზა გაეხსნა. ეკლესიამ მიიღო ნდობის ყველაზე დიდი მანდატი ხალხისგან, შესაბამისად - ყველაზე დიდი ძალაუფლება.

ძალაუფლება რომ ცვლის ადამიანს, ცნობილია. ეს ცვლილებებიც კორონა-ვირუსმა გამოავლინა - ზოგი უფრო სულგრძელი აღმოჩნდა, ზოგი ქედმაღალი. მათი მსაჯული ვერ ვიქნებით, რადგან ჩვენ ვართ მათი ქედმაღლობის ავტორები. სოციალურ ქსელებში ბევრმა რუის-ურბნისის კრებაც გაიხსენა.

რადიკალიზმს მოერიდა ხელისუფლება, საპასუხო ძალის დემონსტრაციის დრო არ იყო. ამ ზომიერებამ გაამართლა. ეკლესიის წარმომადგენელთა დიდმა და გონიერმა ნაწილმა იზრუნა იმაზე, რომ რისკი შემცირებულიყო.

რადიკალიზმს მოერიდა ხელისუფლება, საპასუხო ძალის დემონსტრაციის დრო არ იყო. ამ ზომიერებამ გაამართლა. ეკლესიის წარმომადგენელთა დიდმა და გონიერმა ნაწილმა იზრუნა იმაზე, რომ რისკი შემცირებულიყო

კიდევ უფრო მეტი გონიერება გამოავლინა მრევლმა, რომელიც ზოგიერთი ღვთისმსახურის ქედმაღლობაზე მაღლა დადგა. ვნახოთ, რას მოიტანს აღდგომის ის დაძაბული ღამე.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ კორონავირუსმა არა მარტო შეცვალა ჩვენი ცხოვრები წესი, ურთიერთობები, განსხვავებულ შინაარსს შეიძენს ეროვნული უსაფრთხოების ცნებაც.

მეტიც, საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიც სხვაგვარად ჩამოყალიბდება, დაისახება ახალი პრიორიტეტები, რაც სახელმწიფოთა დაცულობის თემას სწორედ ბიოლოგიური და სხვა, აქამდე ნაკლებად პრიორიტეტულად მიჩნეული საფრთხეების კონტექსტშიაც განიხილავს.

კორონაკრიზისმა ნათლად წარმოაჩინა თუ ვინაა საქართველოს ნამდვილი მეგობარი და გააჩინა შესაძლებლობების ფანჯარა, რაც როგორც წესი დიდი ხნით არ იხსნება, ამიტომაც დრო არ უნდა დაიკარგოს.

თქვენი დაკვირვებით, შესაძლებლობების რა ფანჯარა გაუჩინა კორონავირუსმა საქართველოს?

- ალბათ, ამ ფანჯრის ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამთავრებს კორონა-ვირუსთან ბრძოლას საქართველოც და დანარჩენი მსოფლიოც. პირველი, რაც ამ ფანჯარაში უკვე გამოჩნდა, არის ჩვენი წარმატებების მხარდაჭერის სურვილი.

ბევრი მსჯელობაა იმაზეც, რომ საქართველომ უნდა ისარგებლოს ჩინეთიდან ევროპული კაპიტალის წამოსვლით. იზრდება ეკონომიკური ჰაბის როლის აღების შანსი. ეკონომისტებმა უნდა შეაფასონ ამ შანსების რეალურობა.

ბევრი მსჯელობაა იმაზეც, რომ საქართველომ უნდა ისარგებლოს ჩინეთიდან ევროპული კაპიტალის წამოსვლით. იზრდება ეკონომიკური ჰაბის როლის აღების შანსი. ეკონომისტებმა უნდა შეაფასონ ამ შანსების რეალურობა

საქართველოსთვის კარდინალური მნიშვნელობის შეიძლება იყოს ნავთობზე ფასების დაცემა, რაც რუსეთს ეკონომიურად გაუძნელებს ოკუპანტობას. ეს მცირე ჩამონათვლიც კი საკითხების გრძელი ნუსხის დამუშავებას ითხოვს, რაზეც, სავარაუდოა, რომ მუშაობენ.

- პანდემია ახალ დაწყებული იყო, როცა თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „თუ ადამიანებში გაძლიერდება თავდაჯერება, ვირუსზე გამარჯვების რწმენა, მაშინ საზოგადოებაში პანიკაც და შიშიც დაიძლევა.“

მასაჩუსეტსის ტექ.უნივერსიტეტის ახალი ხელოვნური ინტელექტის გათვლით - სოციალური დისტანცირების დროზე ადრე შემცირება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

ფაქტია ისიც, რომ კორანავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე არ იქნება. ცხადია, ისიც რომ ჩვენთან პანდემიის პიკს ჯერ არ გადაუვლია. ასეთ ვითარებაში რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- გმადლობთ შეხსენებისთვის და საკუთარ თავს ნაწილობრივ დავესეხები - თავდაჯერება და გამარჯვების რწმენა საჭიროა არამარტო პანისკის შემცირებისთვის, ეგ პრობლემა, როგორც ჩანს, არა გვაქვს, არამედ საჭიროა თავად გამარჯვებისთვისაც.

უკვე ვნახეთ, რომ სულიერი ძალა თუ მოვიკრიბეთ, სიკეთით შეკრული ერთობა თუ შევქმენით, ჩვენ ვიცით და შეგვიძლია გამარჯვება

ჩვენ უკვე მოვიპოვეთ გამარჯვება რამოდენიმე ბრძოლაში. ახლა ომში უნდა გავიმარჯვოთ და საბოლოოდ დავამარცხოთ კორონა-კრიზისი, რასაც სოციალური დისტანცირების გაგრძელება სჭირდება. შემდეგ ეკონომკური კრიზისი იქნება დასამარცხებელი და იქაც გავიმარჯვებთ.

უკვე ვნახეთ, რომ სულიერი ძალა თუ მოვიკრიბეთ, სიკეთით შეკრული ერთობა თუ შევქმენით, ჩვენ ვიცით და შეგვიძლია გამარჯვება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა