მარნეულში საპროტესტო აქცია დასრულდა

მარნეულში საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სოფელ შულავერთან გადაკეტილი გზა გახსნეს და ტერიტორიას ტოვებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და მიიღეს პირობა, რომ მოსავლის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექნებათ.
ცნობისთვის, მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მან ამ აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.

























