სოფელ ღვანკითში საგუშაგოებზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგს ატარებენ

სოფელ ღვანკითში საგუშაგოებზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგს ატარებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში საკარანტინე პირობები დაწესდა.

უწყების ცნობით, ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ.

“გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ. ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკონტროლო პუნქტები დღეს დილიდან მოეწყო. III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამართალდამცავებთან ერთად ღვანკითში გადაადგილების შეზღუდვის 5 პუნქტი მოაწყვეს. სამხედროების მთავარი ამოცანა შსს-ს ძალებთან კოორდინაციით ავტომანქანების მოძრაობის კონტროლია. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სამოქმედო არეალში აქტიურადაა ჩართული. დღეის მდგომარეობით სარდლობის ქვედანაყოფები 46 ჩექპოინტზეა მობილიზებული”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.