ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, კიდევ 2 ინფიცირებული დაგვემატა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრებელი არ შემოწმდება.

ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ.

"ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას, მათ მიეწოდებათ სასურსათო მარაგი, ასევე გაიხსნება აფთიაქი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მედიკამენტით, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულების ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა სასურსათო მაღაზიების მფლობელებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის და ისინი რამდენიმე საათში გაიხსენება, რომლებსაც დისტრიბუცია შეუფერხებლად მოამარაგებს. ასევე გადაწყვეტილია აფთიაქებთან დაკავშირებული საკითხი და მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება.

"რამდენიმე საათში სოფელ ღვანკითში სამივე მაღაზიაში შევიტანთ სასურსათო პროდუქტს, აფთიაქშიც დისტრიბუცია შეიტანს ყველა იმ მედიკამენტს, რომელიც ესაჭიროება მოსახლეობას. ჩვენი წარმომადგენელი არის კავშირზე ყველა ადგილობრივთან და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პრობლემას აღმოვფხვრით. იმისთვის, რომ მოსახლეობას ფულთან არ ჰქონოდა შეხება და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს, სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა მოლაპარაკება და დღეიდან ღვანკითში სასურსათო მაღაზიებში საბანკო ტერმინალები ამოქმედდება, რომ ტერმინალით გადახდა იყოს შესაძლებელი", - განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2, 438 ადამიანი ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა