ანა დოლიძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენით „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო

პრემიერ გიორგი გახარიას პრეზენტაცია ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება იყო, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში იურისტი ანა დოლიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

დოლიძის განცხადებით, ყველა ის შეღავათი, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში.

„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ბევრ სხვა საკითხებთან ერთად, საინტერესო იყო სოციალური დახმარების გაცემის ვადები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. ყველა ის შეღავათი და დახმარება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში, როგორც ეს უამრავმა ქვეყანამ გააკეთა. პრემიერს კი არ უთქვამს არც ერთი ვადა გარდა ექვსი თვისა, ანუ თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდა როგორც იყო გათვალისწინებული, საქართველოში სწორედ ექვს თვეში იქნება არჩევნები. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაწერილი დახმარებები სხვა არაფერია, თუ არა „ქართული ოცნების“ სურვილი მოიგოს არჩევნები. ყველა ის დახმარება და შეღავათი, რომელიც წავა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებიდან, აგრეთვე იმ საგარეო ვალიდან, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო კორონა ვირუსის პერიოდში, ეს ჩაითვლება და მოხმარდება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას. ამ გზით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" ჩვენთვის რაღაც გააკეთა, თუმცა საბოლოოდ, ის ორი კაპიკი, რასაც ეს პარტია დაარიგებს, მათთვის სასარგებლოდ ჩაითვლება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე ანა დოლიძემ ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე, რომლითაც პრივილეგირებული „კლასტერი“ სარგებლობს.

„პრემიერი უკვე დიდი ხანია უმკაცრესად მიუთითებს მთელ საზოგადოებას, ბიზნესს, რომ მათ დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები, მათ შორის საჯარო შეკრების დროს პირბადეების გამოყენების და დისტანციის დაცვის წესები. ამ პირობებში კი მთავრობის სხდომაზე ვნახეთ დაახლოებით ორმოცი ადამიანის შეკრება, რომლებმაც ყველა ეს წესი დაარღვიეს. პატივცემული მინისტრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ, ერთად არღვევდნენ ყველა იმ წესს, რომლის ზედმიწევნით შესრულებას მოგვიწოდებს პრემიერ- მინისტრი, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონის აღსრულება არავის აწუხებს და არც არავინ დააკისრებს ჯარიმას. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების უპატივცემულობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ კომენტარს ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა