ლადო პაპავა - მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის ადეკვატური შეფასება ამ გეგმის უნახავად არასერიოზულად მიმაჩნია

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად პანდემიის გამო პარალიზებული ეკონომიკის პერსპექტივებზე, ასევე ჩინეთიდან ამერიკული და ევროპული კომპანიების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობასა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემაზე “ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ატონო ლადო, საქართველოში ეკონომიკური პრობლემები პანდემიამდეც საკმაოდ გვქონდა, მაგრამ ეპიდემიამ ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა და როგორც თქვენ ადრე ბრძანეთ - „ეკონომიკა მედიცინის „მძევალი“ აღმოჩნდა“.

მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. როგორც ითქვა, ანტიკრიზისული გეგმა მიზნობრივი სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების გეგმას მოიცავს.

ვინაიდან, ანტიკრიზისული გეგმის ყველა ასპექტი ცალკე-ცალკე და დეტალური საუბრის თემებია და რამდენადაც შესაძლებელია გვინდა მათზე ასევე ცალ-ცალკე მაქსიმალურად დეტალურად ვისაუბროთ, კარგი იქნება, თუ ინტერვიუს ანტიკრიზისული გეგმის საერთო შეფასებით დავიწყებდით.

თქვენ დაკვირვებით, ზოგადად, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სავარაუდოდ როგორია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმა? განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლითაც ორშაბათიდან ბევრი რამ ორკვირიანი ინტერვალით ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას?

- მე არაერთხელ დამიფიქსირებია სრული მხარდაჭერა მთავრობის მიერ გადაგმული ნაბიჯების მიმართ, როგორც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის, ისე სოციალური დახმარებების პირველი ღონისძიებების მიმართ.

მთავრობამ აჩვენა, რომ შეუძლია კრიზის მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა, თანაც იმ პირობებში, როცა რაიმე საერთაშორისო გამოცდილება ამ ტიპის პანდემიის მართვის შესახებ უბრალოდ არ არსებობს. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წევრების აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, მე ძალიან მიჭირს მისი მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი შეფასება, რადგანაც ამ დოკუმენტის შესაბამისი ტექსტი, სადაც შევძლებდი დეტალურად გავცნობოდი ამ გეგმას ონლაინ-სივრცეში ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე.

ვიმედოვნებ ეს ტექსტი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მთავრობამ მოახდინა არარსებული გეგმის პრეზენტაცია. ეს კი ნამდვილად არ მინდა დავიჯერო... იმავდროულად პრემიერის პრეზენტაცია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუმცა პროფესიონალი ეკონომისტის მიერ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის ადეკვატური შეფასება ამ გეგმის უნახავად არასერიოზულად მიმაჩნია.

პრემიერის პრეზენტაცია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუმცა პროფესიონალი ეკონომისტის მიერ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის ადეკვატური შეფასება ამ გეგმის უნახავად არასერიოზულად მიმაჩნია

სავსებით სწორია პრემიერ-მინისტრი, როცა ერთმანეთისგან გამიჯნა ანტიკრიზისული გეგმა და პოსტკრიზისული პროგრამა. ისიც გასაგებია, რომ მეორე მოგვიანებით შეიქმნება. ეს უშუალოდ იქნება დამოკიდებული უცხოური დახმარების მიზნობრივ ხასიათზე, რამაც შესაბამისი ასახვა უნდა ჰპოვოს როგორც 2020 წლის ასევე მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტზე.

რაც შეეხება არსებული შეზღუდვების ორკვირიანი ინტერვალით თანდათანობით გაუქმებას სრულად ვიზიარებ, რადგანაც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის და შესაბამისი ვაქცინის არარსებობის პირობებში ამგვარი გადაწყვეტილება ერთადერთ სწორ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება არსებული შეზღუდვების ორკვირიანი ინტერვალით თანდათანობით გაუქმებას სრულად ვიზიარებ, რადგანაც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის და შესაბამისი ვაქცინის არარსებობის პირობებში ამგვარი გადაწყვეტილება ერთადერთ სწორ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს

- რადგან ეპიდემიის გამო უამრავ მოქალაქეს უწევს სახლში ყოფნა, ბევრმა უკვე დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო, უამრავი თვითდასაქმებული ასევე დარჩა სახსრების გარეშე, ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახლავთ თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ამ მოქალაქეების დასახმარებლად.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის დახმარება უწევს იმ პირობებში, როცა გაჩერებული ეკონომკის პირობებში ბიუჯეტში სერიოზული დანაკლისია.

ფინანსურმა დახმარებებმა ხელისუფლებას ბიუჯეტში დანაკლისების შეფასების და ანტიკრიზისული პაკეტის შესაძლებლობა მისცა. უკვე ვიცით, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.

თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს, რომელიც ორიენტირებული უნდა ყოფილიყო მოქალაქეთა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე? თუნდაც, დახმარებისათვის დასახელებული თანხის ოდენობას?

- მთავრობის მიერ მომზადებული სოციალური პაკეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ არის ეს თუ არა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეეძლო მთავრობას, ძნელი შესაფასებელია ანტიკრიზისული გეგმის გაცნობის გარეშე.

ისევ და ისევ უნდა ვიმედოვნოთ, რომ მთავრობამ სოციალური პაკეტის ოდენობის და სტრუქტურის ჩამოყალიბებისას გაითვალისწინა ქვეყნის ბიუჯეტის და შესაძლო საერთაშორისო ფინანსური დახმარების რეალური შესაძლებლობები.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე დაბალია, ამიტომ ყველასათვის სრულფასოვანი სოციალური დახმარების მიცემა უბრალოდ შეუძლებელია...

უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე დაბალია, ამიტომ ყველასათვის სრულფასოვანი სოციალური დახმარების მიცემა უბრალოდ შეუძლებელია...

ამასთანავე არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, რომ მოხმარებულ ელექტროენერგიასა და მოხმარებულ გაზზე გასაცემი ვაუჩერების მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ნორმატივის დაწესება არ იყო გამართლებული. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა, და მთიან რეგიონებში ზამთარი უფრო ცივია და უფრო დიდხანს გრძელდება.

ამიტომ თუნდაც გაზზე ვაუჩერული დაფინანსების ზედა ზღვრად თვეში 200 კუბ მეტრის დაწესება არ არის გამართლებული. ეს ვაუჩერები უნდა ყოფილიყო დიფერენცირებული და მთიანი რეგიონებისთვის ვაუჩერით დაფინანსებული გაზის მოხმარება უნდა ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე ხსენებული 200 კუბ მეტრი.

ცაკლე უნდა გამოვყო პენსიების „მიბმა“ ინფლაციის დონესა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან. იმის გათვალისწინებით, რომ პენსია უშუალოდ გამოიყენება სამომხმარებლო კალათაში არსებული პროდუქტების შეძენაზე, ხოლო ამ სამომხმარებლო კალათის საშუალო ფასების ცვლილება არის ინფლაცია, პენსიის მიბმა ინფლაციაზე კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციას, რის გამოც ისევ უნდა გაზარდო პენსია, რაც შედეგად კვლავ გაგიზრდის ინფლაციას და ა.შ.

ამას ეკონომისტები „ინფლაციურ სპირალს“ უწოდებენ და უნივერსიტეტებში ვასწავლით სტუდენტებს, თუ რატომ არ შეიძლება პენსიების მიბმა ინფლაციის დონესთან.

იმადროულად პენსიის დაკავშირება ეკონომიკურ ზრდასთან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პენსიების ამგვარი ზრდა არაინფლაციური იქნება.

რადგანაც ანტიკრიზისული გეგმა ჩემთვის ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია, მიჭირს იმის უფრო ადეკვატურად შეფასება, თუ როგორ აქვს ჩაფირებული მთავრობას პენსიის ზრდის მცდარი და სწორი გზების ერთდროული გამოყენება...

ჩვენმა ქვეყენამ პრიორიტეტულად უნდა განახორციელოს ყველა იმ წარმოების განვითარება, რომლის რესურსული ბაზაც საქართველოში არის. ამ კუთხით გამორჩეული დარგია სოფლის მეურნეობა. ვიმედოვნებ პოსტკრიზისულ გეგმაში ეკონომიკის ამ დარგს მნიშვნელოვანი ყურადღება ექნება დათმობილი

- ფაქტია, რომ მთავრობამ ბევრი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოსაზიდად საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას. თქვენ როგორ შეაფასებდით ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის დახმარების გეგმას?

- ვფიქრობ მთავრობამ დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე, როცა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარების მიღების შესაძლებლობა შექმნა. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ პანდემია ჯერ დამთავრებული არ არის, ფინანსური დახმარება ყველა ქვეყანას ესაჭიროება, ხოლო ამ დახმარების ოდენობა კი შეზღუდულია.

ვფიქრობ, დახმარებისთვის ამ ოდენობის თანხის მოზიდვას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, იმან, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველო 2019 წელს მაკროეკონომუკური კუთხით დადებითად იქნა შეფასებული, ხოლო მეორე, ის, რომ ეპიდემიის კონტროლი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება საქართველოში, რამაც მისი მთავრობის მიმართ დონორების მხრიდან ნდობა გაზარდა.

ამ ეტაპზე, ანუ ანტიკრიზისულ კონტექსტში მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა თავისი ხასიათით უფრო სოციალურია, რომ ბიზნესმა არ შეამციროს დასაქმებულთა ოდენობა. სავარაუდოდ, ბიზნესის აღორძინების ღონისძიებებზე უკვე პოსტკიზისული პროგრამა იქნება ფოკუსირებული.

ოფიციალურად ეროვნული ბანკის ხელმძღვანლობა მონაწილეობდა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში, თუმცა პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრს სავალუტო ბაზრის რეგულირებაზე არ შეუჩერებია ყურადღება

- ვიდრე მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენდა, ეკონომიკასა და ფინანსებში ჩახედული ადამიანები ხელისუფლებას სთავაზობდნენ მეტი ყურადღება მიექციათ სოფლის მეურნეობის ისეთი დარგების ხელშეწყობისთვის, რომელთა განვითარება ქვეყანას ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა იმპორტზე.

ამგვარი აუცილებლობა რომ შესაძლოა მალე დადგეს, აღარავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რა კორექტივებს შეიტანდით მთავრობის მიერ წარმოდგენილ რეალური ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმაში?

- ეპიდემიამ საქართველოში შესაძლებელი გახადა, რომ მთავრობამ პრინციპულად შეცვალოს ბოლო წლებში გატარებულ ეკონომიკური პოლიტიკა და სერვისული დარგების განვითარებიდან გადაერთოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. აუცილებლად დასაწყებია იმ ღონისძიებების გატარება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადაყვანა.

ჩვენმა ქვეყენამ პრიორიტეტულად უნდა განახორციელოს ყველა იმ წარმოების განვითარება, რომლის რესურსული ბაზაც საქართველოში არის. ამ კუთხით გამორჩეული დარგია სოფლის მეურნეობა. ვიმედოვნებ პოსტკრიზისულ გეგმაში ეკონომიკის ამ დარგს მნიშვნელოვანი ყურადღება ექნება დათმობილი.

ჩვენ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც გვაქვს სავაჭრო პრეფერენციები და ამან შეიძლება მოიზიდოს ინვესტორები, რათა ჩინეთიდან გატანილი ზოგიერთი საწარმოს ახალი ლოკაციისათვის საქართველოზე გააკეთონ არჩევანი

სამწუხაროდ, ანტიკრიზიული გეგმის პრეზნტაციისას არაფერი თქმულა სავალუტო ბაზრის რეგულაციაზე, რაც კარგად დავინახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყნის სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდში ჩავარდნების ფონზე, როცა ლარის კურსი ერთ დღეს 21 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ორ დღეში 19 თეთრით გამყარდა.

ოფიციალურად ეროვნული ბანკის ხელმძღვანლობა მონაწილეობდა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში, თუმცა პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრს სავალუტო ბაზრის რეგულირებაზე არ შეუჩერებია ყურადღება.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა აუცილებლად აისახება უარყოფითად, თუმცა არავინ მოგვცემს ამის უფლებას, და არც ჩვენ გვაწყობს პოლიტიკურად უკრაინასთან ურთიერთობის განსაკუთრებით დაძაბვა

რადგანაც ანტიკრიზისული გეგმა ჩემთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ არ ვიცი გეგმაში, რომელიც წესით უნდა არსებობდეს, სავალუტო ბაზრის რეგულირებაზე თუ წერია რაიმე.

ამიტომ, ძნელი სათქმელია, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება გამორჩა პრემიერ-მინისტრს, თუ გეგმაშიცაა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა გამორჩენილი...

- პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3,5 მილიარდი ლარი ეკონომიკურ კრიზისის დაძლევას მოხმარდება. პოსტკრიზისულ პერიოდზე გეგმა მერე გვექნებაო. არადა, კარგი იქნებოდა, ამ გეგმაზეც მოგვესმინა მთავრობის გეგმები.

მითუმეტეს, რომ უკვე ცნობილია, რომ ჩინეთს ამერიკული კომპანიებისა და ინვესტორების 80%-მდე, ხოლო ევროპული კომპანიებისა და ინვესტორების 70%-მდე დატოვებს.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებულმა ვითარებამ გააჩინა შანსი ჩინეთიდან წამოსასვლელად გამზადებული ამერიკული და ევროპული კომპანიების რაღაც ნაწილი მოხვდეს საქართველოში.

მეტიც, ახლა საუკეთსო დროა საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს მსოფლიოში შრომის ბაზრის ახალ გადანაწილებასა და ეკონომიკის სრულფასოვან ფუნქციონირებაში. სხვა შემთხვევაში საქართველო კვლავაც დარჩება რუსული ბაზრის იმედად, რაც არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად მომგებიანი აშკარად არაა.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რა სფეროებში მოღვაწე და რა ტიპის ამერიკული და ევროპული კომპანიების საქართველოში შემოსვლაზე იზრუნებდით?

- პოსტკრიზისული პროგრამა, ისევე როგორც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მთავრობას ამ ეტაპზე ვერ ექნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უცხოური დახმარების პაკეტის მიზნობრიობა ჯერ კიდევ მოითხოვს დაზუსტებას, რისთვისაც მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშაოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

თქვენ მართალი ბრძანდებით, როცა აღნიშნავთ, რომ ამერიკული, ევროპული თუ იაპონური კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებს ჩინეთს. ეს არსებითად შეცვლის პოსტკრიზისულ გლობალურ ეკონომიკას. აქ გარკვეული შანსი უჩნდება საქართველოს, რომელმაც პოსტკრიზისულ პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან და ჩინეთთან.

ჩვენ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც გვაქვს სავაჭრო პრეფერენციები და ამან შეიძლება მოიზიდოს ინვესტორები, რათა ჩინეთიდან გატანილი ზოგიერთი საწარმოს ახალი ლოკაციისათვის საქართველოზე გააკეთონ არჩევანი.

მივესალმები იმას, რომ მთავრობამ კარგად გამოიყენა ჩვენი სამედიცინო მეცნიერების პოტენციალი. ეგებ პოსტკრიზისული პროგრამის შემუშავებისას მაინც გაახსენდეს, რომ ქვეყენაში მეცნიერი ეკონომისტებიც არსებობენ...

ამ კუთხით სასწარფოდ რეფომაა ჩასატარებელი განათლების და მეცნიერების სფეროში, მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა, რომ შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მუშების და ინჟინრების მომზადება, რომ საქართველოში განთავსებულ საწარმოებში ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმდნენ. ამას გარკვეული დრო ესაჭიროება, თუმცა სასწარაფოდაა ამ კუთხით მთავრობის უფრო მეტად გააქტიურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში „გადმოტანილ“ საწარმოებს მოჰყვება შესაბამისი მუშახელის იმიგრაციაც, რაც საქართველოში მართალია ეკონომიკურ ზრდას კი შეუწყობს ხელს, თუმცა ეს არ იქნება ინკლუზიური ზრდა, რადგანაც ამ საწარმოებში დასაქმდებიან არა ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ უცხოელები.

- სხვათა შორის, ამ თემაზე მსჯელობამ გამახსენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ საააკშვილი განცხადება, რომელმაც შესაძლოა მალე უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს - „ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია - წარმოებები გამოდის ჩინეთიდან და ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ.“

იმ კონტექსტში რაზეც მსჯელობდით, თქვენ როგორ აღიქვით მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება? თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება მისი გაპრემიერება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

- სამწუხაროა, რომ უკრაინის არც ამჟამინდელი და არც წინა ხელმძღვანელობა არ იჩენდა საქართველოსთან „რბილად რომ ვთქვათ“ ამ დელიკატურ საკითხში თუნდაც დიპლომატიურ სტანდარტს. არც ისაა გამოსარიცხი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა „დავალებაც“ კი მიიღო „ზემოდან“ სააკაშვილის მთავრობაში დასასაქმებლად, თუმცა ამან შესაძლოა შეთქმულების თეორიამდეც მიგვიყვანოს...

რა თქმა უნდა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა აუცილებლად აისახება უარყოფითად, თუმცა არავინ მოგვცემს ამის უფლებას, და არც ჩვენ გვაწყობს პოლიტიკურად უკრაინასთან ურთიერთობის განსაკუთრებით დაძაბვა.

მთავრობისათვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეთანხმებული კონსტიტუციური ცვლილებების დროულად მიღება, რათა საბოლოოდ არ დაკარგონ ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართული ქვეყნების და ევროკავშირის ნდობა

ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ - ვიცე-პრემიერ სააკაშვილს საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის იძულებული გახდება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდაც განახორციელოს მოქმედება, რაც, წესით, მას არ უნდა გაუჭირდეს.

ამის მაგალითია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რაც მას თანამდებობრივად დაევალება, რომ ჩინეთიდან გატანილი საწარმოების ახალ ლოკაციად უკრაინა, და არა საქართველო, გააპიაროს.

- რადგან პოსტკრიზისულ გეგმაზე მთავრობას მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რას ურჩევდით მთავრობას პოსტკრიზისულ პროგრამაზე მუშაობისას?

- რჩევა ბევრი რამის შეიძლება, თუმცა ამ ეტაპზე ერთ საკითხზე მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება. პრემიერმა პრეზენტაციის დასაწყისში განაცხადა, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მთავრობასთან ერთად მუშაობდა პარლამენტი, ეროვნული ბანკი, საინვესტიციო საბჭო, ანუ ყველა სახელისუფლებლო ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ამ გეგმის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა აკადემიური სექტორი.

ამიტომ ამ უკანასკნელის წარმომადგენლებს ანტიკრიზისულ გეგმასთან მიმართებაში კომენტატორის თუ კრიტიკოსის ფუნქციაღა შემორჩა. მივესალმები იმას, რომ მთავრობამ კარგად გამოიყენა ჩვენი სამედიცინო მეცნიერების პოტენციალი. ეგებ პოსტკრიზისული პროგრამის შემუშავებისას მაინც გაახსენდეს, რომ ქვეყენაში მეცნიერი ეკონომისტებიც არსებობენ...

ეს, უწინარეს ყოვლისა, საქმისთვის იქნება კარგი. რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებისათვის საყვარელ „გაპიარებაზე“!

- რადგან პანდემიის ფონზე შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრლამენტო არჩევნების წინაპერიოდში შიგა პოლიტიკის საკითხები აქტუალურია - თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს შიგა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის შესაჩერებლად ნამდვილად გადადგა წარმატებული ნაბიჯები, რაც „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგების ალაბათობას ზრდის. ეს აშკარად აღიზიანებს ოპოზიციას და მაქსიმალურად შეეცდება ანტიკრიზისული გეგმის და პოსტკრიზისული პროგრამის გაკრიტიკებას.

ნებისმიერი შეცდომა, თუ კი ის დაშვებული იქნება მთავრობის მიერ ამას აუცილებლად წარმატებით გამოიყენებს ოპოზიცია. თანაც ეს მარტო ეკონომიკას არ ეხება.

ამ კუთხით მთავრობისათვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეთანხმებული კონსტიტუციური ცვლილებების დროულად მიღება, რათა საბოლოოდ არ დაკარგონ ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართული ქვეყნების და ევროკავშირის ნდობა.

- ურთულეს თემებს შევეხეთ, მაგრამ რადგან ეკონომიკის საკითხებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით ნავთობზე ფასებსა და ლარის კურსის ვარდნას. გაჩერებული ეკონომიკის ფონზე ლარის გაუფასურება მაინცდამაინც გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ, ის რომ ნავთობის ფასი შესამჩნევად არ დაკლებულა ფაქტია.

არადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საგრძნობლადაა დაკლებული, მაგრამ ეს ჩვენთან ბენზინის ფასზე არ ასახულა. ამ თემაზე მოსმენილი განმარტებები დამაჯერებლად აშკარად არ გამოიყურება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ჩვენში ბენზინის მაღალი ფასი?

- ნავთობპროდუქტებზე ფასი ჩვენთან სულ ცოტა მანამდე არ დაიკლებს, სანამ მათი იმპორტიორები ჯერ კიდევ ძვირად ნაყიდ მარაგებს არ ამოწურავენ.

თანაც გასათვალისწინებელია, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასებს უმთავრესად მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს, და თუ მყიდველი მზადაა გადაიხადოს ის ფასი, რასაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ითხოვენ, ამ ფასის შემცირება გამორიცხულია.

ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ნავთობპროდუქტების შემოტანისა და გაყიდვის სფეროში კონკურენციის გაზრდაა, რისი ინსტრუმენტებიც სახელმწიფოს გააჩნია.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა