ქობულეთის მერი - სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლირებადია - თერმოსკრინინგი გრძელდება, 2000-ზე მეტი ადამიანი უკვე შემოწმდა

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს გუშინდელის შემდეგ, ახალი შემთხვევა არ დამატებია.
როგორც მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, სიტუაცია კონტროლირებადია და ინფიცირებულის კონტაქტების შემოწმება მიმდინარეობს.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევა გუშინ გვქონდა და ე.წ. ქობულეთის კლასტერი 34-ზე ავიდა. კონტაქტების რიცხვიც გაზრდილია, მაგრამ ნიმუშების აღება და შესაბამისი გამოკვლევა ხდება. 400-ზე მეტი კონტაქტი შემოწმებულია, რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ესეც გრძელდება, 2000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და რაიმე საყურადღებო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ახალ შემთხვევას, ის იზოლაციაში მყოფი პირებიდანა, მაქსიმალურად კონტროლირებადია სიტუაცია, როგორც ქობულეთში, ასევე სოფლებში“, - განაცხადა ქათამაძე.
მისივე განმარტებით, ქობულეთის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობა საჭირო ტექნიკითაც მარაგდება.
„სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკა შევიდა, დღეს სასუქი შევა. ჯერჯერობით, აქ არ არის ისეთი მოსავალი, რომელიც შესაძლოა, რეალიზაციისთვის იყოს განკუთვნილი. აქ აქტუალურია საგაზაფხულო სამუშაოები, რაშიც მოსახლეობას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, ეს იქნება საშვების გაცემით, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო იარაღების მიწოდებით, თუ სხვა საჭირო პროცედურებით“, - განაცხადა ქათამაძემ.

























