ირაკლი კობახიძე - იანუკოვიჩი უკრაინისთვის ზუსტად იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილი - საქართველოსთვის

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს უკრაინელმა მეგობრებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უკრაინის ინტერესებს და უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ვიხედებით წინ და გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ მეგობრებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის თაობაზე განაცხადა. მისი თქმით,

„სააკაშვილის დანიშვნა ვერავითარ სიკეთეს ვერ მოიტანს და ამის გაკვეთილი ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში. ამის გაკვეთილი უკვე უკრაინამაც მიიღო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს გაკვეთილი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მეორედ არ მიეღოთ ასეთ გადაწყვეტილება. ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს შევახსენოთ, რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს უკრაინისთვის. ჩვენ შევახსენებთ და უკვე შევახსენეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ, დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით და დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. პირადად მეც მქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა მაქვს იმ დეპუტატებთან, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეაში არიან წარმოდგენილნი და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, დაინიშნება თუ არა სააკაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე, არის ხელისუფლებების ტესტი. ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნაც უკრაინის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად აღიქმებოდა.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ სარგებლობდა ეს საკითხი აქტუალურობით, ჩვენ ვნახეთ არჩევნების შედეგები, სადაც სააკაშვილმა მიიღო 0.4%, ცოტა რთული წარმოსადგენი იყო ის, რომ სააკაშვილის ფაქტორი კიდერ ერთხელ შეიძენდა აქტუალურობას, თუმცა როგორც ჩანს, არის გარკვეული დინებები, რამაც გამოიწვია ამ საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს უკრაინელმა მეგობრებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უკრაინის ინტერესებს და უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ვიხედებით წინ და გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ მეგობრებთან.

ეს არის ერთგვარი მეგობრობის ტესტი და ამ მეგობრობაში არ იგულისხმება ხალხებს და ქვეყნებს შორის მეგობრობა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. აქ საუბარია ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, აქდან გამომდინარე, ეს არის ხელისუფლების მეგობრობის ტესტი და ბუნებრივია, ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს. თუ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს ძალიან უარყოფითად აისახება ორ ხელისუფლებას შორის მეგობრობაზე. ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილი არის ქართველი იანუკოვიჩი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო გადაწყვეტილება ვიქტორ იანუკოვიჩის საქართველოში რეფორმების და ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე - პრემიერად დანიშვნის თაობაზე, როგორი რეაქცია მოყვებოდა ამ საკითხს უკრაინის ხელისუფლებაში. ბუნებრივია, რეაქცია იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი და ასეთი ფაქტი აღქმული იქნებოდა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი უკრაინის მიმართ. იანუკოვიჩი არის ზუსტად იგივე უკრაინისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის, მათ შორის, ტერიტორიების დათმობის ნაწილშიც. სწორედ ჯერ სააკაშვილის ნაბიჯებს მოყვა რუსეთისთვის ტერიტორიების 20% -ის დათმობა და ამის შემდეგ, ცოტა სხვა ფორმით, მის მაგალითს მიბაძა იანუკოვიჩმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა