სოფელ ყანდაურაში, ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძე დანაშაულს არ აღიარებს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც გამოძიება ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობას ედავება, დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა.

ქართველიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნიდან გამომდინარე, საქმის დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. უფლებადამცველი არც იმ კითხვას პასუხობს, რატომ იმალებოდა ნოდარ გამყრელიძე 1 წლის განმავლობაში, თუკი დანაშაული მას არ ჩაუდენია.

„პირდაპირ მთხოვა ასეთი რამ, რომ ამ საქმეზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გამეკეთებინა. საქმის დეტალებზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა არ სურს, რომ რაიმე კომენტარი გავაკეთო. ბრალს თავად არ აღიარებს და ჯერჯერობით არაფერს მიუთითებს იმის თაობაზე, ვის შეიძლებოდა ჩაედინა მკვლელობები. ბრალის წარდგენა რომ მოხდება, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ხუთივე ადამიანის მკვლელობას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ედავებიან. ძირითადად, აქ დედის მკვლელობაზე იყო საუბარი, მაგრამ დაზუსტების შემთხვევაში რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით“, - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ სოფელ ყანდაურაში გასულ წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 57 წლის ნოდარ გამყრელიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს. 2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა