იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, საცობებიც გვაქვს რიგ ადგილებში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე ბევრი ადამიანის შეკრებაა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ავტომობილებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ზესტაფონსა და ქუთაისში საცობებია.
როგორც შალამბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, თბილისისკენ მიმავალმა მანქანების ნაკადმაც მოიმატა.
„მოგეხსენებათ, ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვა მოიხსნა და შესაბამისად, ავტომობილების ძალიან დიდი ნაკადია. ფაქტობრივად, საცობებიც გვაქვს რიგ ადგილებში, მაგალითად, ზესტაფონში, ქუთაისის შემოსასვლელში და ა.შ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე ბევრი ადამიანის შეკრებაა, მაგრამ აშკარაა, რომ მანქანების ნაკადმა მოიმატა, რომელიც თბილისისკენ მიდის“, - განაცხადა შალამბერიძემ.
რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, რომელიც რამდენიმე დღეა ჩაკეტილია, იქ ბოლო 24 საათში კორონავურისის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
„ღვანკითში 2 სავარაუდო შემთხვევა გვქონდა და გუშინ, გუშინწინ ორივე დადასტურდა. 54 ოჯახია თვითიზოლაციაში და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყველა კონტაქტი შესწავლილია და მათზე დაკვირვება და მონიტორინგი მიმდინარეობს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა ქუთაისსა და ზესტაფონში, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი, ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება.
„ქუთაისში ცენტრალური აგრარული ბაზარი გავხსენით, ამ ბაზარმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა და შესაბამისად, ფუნქციონირების საშუალება მივეცით. თუმცა, მონიტორინგის და მუნიციპალიტეტის სამსახური მთელი დღის განმავლობაში იქ იქნება და დააკვირდება სიტუაციას, ასევე პოლიცია და საპატრულო სამსახურებიც მობილიზებული არიან, რომ სადმე ადამიანების თავშეყრა არ მოხდეს. შემდეგ დღეებში ეტაპობრივად გავხსნით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აგრარულ ბაზრებს. ბაზარი ასევე, გაიხსნა ზესტაფონშიც“, - განაცხადა შალამბერიძემ.

























