სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორისთვის კონკურსი გამოცხადდა

პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროექტ GEclose2EU-დან აცნობეს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა 29 აპრილიდან 15 მაისამდე შეეძლებათ.

შერჩეულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მცირე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარების ბიუჯეტია 15 000 ლარამდე, 30%-იანი თანადაფინანსებით და შესაძლოა მოიცავდეს ტექნოლოგიების განახლების, საწარმოო ხაზის სრულყოფის, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ახალი საჭიროებების დაფინანსების თანხებს.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ აღნიშნულ სექტორებში მომუშავე (მწარმოებელ) მცირე და საშუალო ზომის ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ერთ წელზე მეტია ოპერირებენ და ჰყავთ 2-ზე მეტი დასაქმებული. უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, ასევე აქვთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის გამოცდილება და მონაწილეობა მიუღიათ სხვადასხვა გამოფენებში; ასევე ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს გარემოს დაცვის და გენდერული თანასწორობის პოპულარიზებაზე, დანერგილი აქვთ კომპანიის მართვის თანამედროვე მეთოდები და გამოირჩევიან მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ვებგვერდის მეშვეობით: http://geclose2eu.info/index.php?m=125. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მაისი. მიღებულ განაცხადებს შეაფასებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, შვედეთის საელჩოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია. კონკურსის განმავლობაში ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ მონაწილეებთან, სადაც კონკურსანტებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები კონკურსის ორგანიზატორებისგან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად დაედო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორის საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელმაც გამოავლინა აღნიშნული 2 ახალი დარგი, რომლებსაც განვითარების და ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ზრდის პოტენციალი აქვს.

“ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ სამწლიანი პროექტია და შვედეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილი, რომელიც 2018 წლის მიწურულს დაიწყო და 2021 წლის შემოდგომას დასრულდება. აღნიშნულ პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 2,3 მილიონი აშშ დოლარი არის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) ახორციელებს,“ აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან თანამშრომლობის გზით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა