რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული სოფელ ჭრებალოში საოჯახო მარან „ილიასეულს“ ეწვია და წარმოების პროცესს გაეცნო

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭული ღვინის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ცნობით, რწმუნებული სოფელ ჭრებალოში საოჯახო მარან „ილიასეულს“ ეწვია და წარმოების პროცესს გაეცნო.
“ილია კენჭაძეს ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ჯიშთა ძირითადი მიმართულება ალექსანდრეულ-მუჯურეთულია, თუმცა სხვა ენდემური ჯიშებიც იზრდება. წელს, საგანგებო მდგომარეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელი არც მათთვის შეუშლია, აგროვადების დაცვით განხორციელდა სამუშაოები, ვენახი გასხლულია, ბიოლოგიური სასუქი შეტანილია, ჩატარებულია გამოთიბვითი სამუშაოები, მალე დაიწყება შეწამლვა. მოსავლის მოწევის შემდგომ, ადგილზე ხდება ღვინის ჩამოსხმა. როგორც მეღვინე აღნიშნავს, 4 -წლიანი ისტორიის მანძილზე ერთგული მომხმარებელი შეიძინეს, მოთხოვნა იმ მასშტაბის აღარ არის, თუმცა რეალიზაციის პრობლემის საკითხი, პანდემიის მიუხედავად არ დამდგარა და მარანთან ერთად, მუზეუმის მოწყობასაც გეგმავენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























