ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

სოფელ ღვანკითში უკვე მესამე დღეა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესიუსს“ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

როგორც შალამბერიძე განმარტავს, მთლიან იმერეთში კორონავირუსის შესაძლო ერთი ახალი შემთხვევა წყალტუბოს კლასტერიდანაა.

„მესამე დღეა, რაც ღვანკითში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ანალიზები რაც გვქონდა აღებული, ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა. თვითონ სოფელში ვითარება მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება. კონტაქტების გამოვლენას ვაგრძელებთ, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს. იქ ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავაც მუშაობენ და ბლოკ-პოსტებია კვლავ განთავსებული.

მთლიან იმერეთს რაც შეეხება, ერთი სავარაუდოდ, დადასტურებული ფაქტი გვაქვს, რომელიც წყალტუბოს შემთხვევას უკავშირდება. ის ერთ-ერთი კონტაქტი იყო წყალტუბოში ინფიცირებულ ადამიანთან. აღნიშნული პირი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავიდანვე კარანტინში იმყოფებოდა“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე განმარტებით, საგაზაფხულო სამუშაოების შესრულების მიზნით ქალაქიდან გასვლის მსურველთათვის ქუთაისის მერიაში საშვების გაცემა გრძელდება.

„საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ქალაქგარეთ გავიდნენ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, ან საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე, ქუთაისის მერიაში საშვების გაცემა დღესაც გრძელდება. მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, თუმცა, რიგი კონტროლდება, დისტანცია დაცულია და საშვების გაცემაც სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა შალამბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა