ირაკლი ბერაიამ იტალიის ელჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ იტალიის ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები. ირაკლი ბერაია, იტალიელ დიპლომატს ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე ესაუბრა.

„კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა სოლიდარობა იტალიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ ამ რთულ ვითარებაში და მწუხარება გამოთქვა პარტნიორ ქვეყანაში პანდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს, NATO-ს 2020 წლის 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ალიანსის სამხედრო ხომალდების ვიზიტზე, რომელთაგან ერთ-ერთი, საფლაგმანო ხომალდი ITS VIRGIIO FASAN იტალიის ფლოტს ეკუთვნის.

„იტალიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მაღალი შეფასება მისცა COVID 19 - ის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს იტალიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის“ , - ნათქვამია ინფორამციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა