ექსპერტი - №15 დადგენილება, როცა ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვართ, გაუმართლებელია - ესაა მონოპოლისტების ხელშემწყობი, წვრილი და საშუალო დაწესებულებები კი სამედიცინო სფეროდან განიდევნენ

№ 15 დადგენილება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი დადგენილება, ხოლო წვრილი და საშუალო დაწესებულებები განიდევნენ სამედიცინო სფეროდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 56 სამედიცინო დაწესებულების გამოთიშვას. ჩიხლაძის შეფასებით, აღნიშნული დადგენილება სერიოზულ რისკებს აჩენს ერთი მხრივ, პაციენტებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, პროგრამიდან გამოთიშულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის უსამსახუროდ დარჩენის თვალსაზრისითაც.

„ეს დადგენილება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს დადგენილება იანვარშია მიღებული და მაშინაც ექსპერტების და სპეციალისტების დიდ ნაწილს ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩინა ამან. პანდემიაც რომ დავივიწყოთ, ეს დადგენილება სერიოზულ რისკებს ქმნის ერთი მხრივ პაციენტებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის სამუშაოს დაკარგვის თვალსაზრისითაც. ასევე სერიოზული კითხვები მიჩნდება, რადგან ეს დადგენილება ხელს უწყობს სამედიცინო ბაზარზე საშუალო და მცირე დაწესებულებების ყოფნა-არ ყოფნას, ანუ ფაქტობრივად წვრილი და საშუალო დაწესებულებები განიდევნენ სამედიცინო სფეროდან და ხელი შეეწყო მსხვილი მოთამაშეების კიდევ უფრო გამსხვილებას. ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი დადგენილება, რომლითაც ისინი კიდევ უფრო ფართოვდებიან, მეტ ფინანსურ რესურსს მოიზიდავენ, რაც რასაკვირველია, კონკურენციას ამცირებს. იქმნება რისკი, რომ გაიზარდოს ფასები და მძიმე ტვირთად დააწვეს ისევ მომხმარებელს.

ამ პანდემიის და ეპიდემიის პირობებში ყოველი დამატებითი სამედიცინო პერსონალი შეიძლება დიდი რესურსი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, პირველადი ჯანდაცვისთვის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პაციენტების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდება და უნდა მოხდეს მათი ბინაზე ან ამბულატორიულ პირობებში მოვლა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახის ექიმებს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ენიჭებათ. ამიტომ ამ პირობებში ამ რესურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ყოვლად გაუმართლებელი და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას არანაირად არ წაადგება,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებასაც, რომლის თქმითაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების უმუშევრად დარჩენის რისკი არ არსებობს, ვინაიდან დღეს მათი დეფიციტია.

„მინისტრის მოადგილის ეს განცხადება რეალობას აცდენილია იმიტომ, რომ 56 დაწესებულების მედპერსონალი ვინ სად გადანაწილდება, წინასწარ ხომ არ განსაზღვრულა. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ ეს პერსონალი ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე ადგილას მუშაობს და უმუშევარი არ დარჩებაო. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც ერთ დაწესებულებაში მუშაობს და ნამდვილად დარჩება სამსახურის გარეშე, მაგრამ რამდენიმე ადგილასაც რომ მუშაობდეს, კარგი ცხოვრებით ხომ არ ხდება ეს, ყველგან აქვს მიზერული ანაზღაურება. ანუ მნიშვნელოვნად შემცირდება სამედიცინო პერსონალის შემოსავლის წყარო. არ არის ასე მარტივი, რომ სხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან და ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება ასე იმიტომ, რომ სადაც შესაძლებელია პირობითად მათი გადანაწილება, იმ მსხვილ მოთამაშეებს უკვე დაკომპლექტებული აქვთ კადრები და შეიძლება სულ არ სჭირდებოდეს დამატებით მიღება.

გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლებისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები შეიქმნება. მინისტრის მოადგილის მიერ ასე გაჟღერდა და ასე ჩანს, რომ მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებზეა საუბარი, რომლებიც პროგრამას გამოეთიშებიან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეპიდემიის პირობებში, როდესაც ტრანსპორტი არ მოძრაობს, ადამიანებს დიდ ქალაქებშიც უჭირთ ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება და სამედიცინო სერვისების მიღება. არ აქვს მნიშვნელობა თბილისი იქნება, ქუთაისი თუ ბათუმი, ამ დადგენილების მიხედვით, ადამიანებს უკვე შორ მანძილზე მოუწევთ წასვლა, რაც არის დამატებითი დრო, დამატებითი თანხა და ამას ემატება ტრანსპორტის შეზღუდვა,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ № 15 დადგენილების ამოქმედება პანდემიის დასრულებამდე გადადოს.

„გარდა ამისა, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღებად რჩებიან 13 000 ბენეფიციარის მომსახურე დაწესებულებები, მერე გაჟღერდა, რომ 7 000 ბენეფიციარის მომსახურე დაწესებულებებიც განაგრძობენ პროგრამაში მონაწილეობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ დადგენილებას „გამოაცხობენ“ და მერე მიდის დისკუსია - ვის შეეხება გამონაკლისი, ვის არ შეეხება, რამდენად ადეკვატურია... ამას თან ერთვის ის სიჯიუტე და სიხისტე, რაც ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო წლებია ახასიათებს - არაფრის გადახედვა არ უნდათ, დისკუსიის და გამჭვირვალე პროცესის მომხრე არ არიან. მერე მივდივართ ასეთ ლაფსუსებამდე, რომ 13 ათასი არა და 7 ათასი, ვიღაცას შეეხება და ვიღაცას - არა... ამ ყველაფრს გათვალისწინებით, თითქმის ყველა სპეციალისტი, ექსპერტი თუ სამედიცინო წარმომადგენელი, სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ ამის ამოქმედება ეპიდემიის ჩავლამდე მაინც გადაიდოს და შემდეგ უკვე დისკუსიის საფუძველზე შეიძლება ამის როგორღაც მოგვარება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება. მისივე ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 7000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა