ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებთან და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ორგანიზებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებთან და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში, Zoom.us-ის მეშვეობით შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში, მხარის რწმუნებულსა და შეხვედრის მონაწილეებს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარია ვან კოლდამი მიესალმა და წარმატებული შეხვედრა უსურვა.
ონლაინ ჩართვის დროს, მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ვრცლად ისაუბრა ახალი კორონავირუსის შედეგად რეგიონში არსებული ვითარებისა და ვირუსის პრევენციის მიზნით, რეგიონში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, აქცენტები გაკეთდა, რეგიონში შემომსვლელი თითოეული მგზავრისა და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაზე, კახეთში არსებული საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებაზე, რომლებიც 1700-მდე ვიზიტორმა უკვე დატოვა და გაემგზავრა საკუთარი სახლებისკენ, აგრარული ბაზრების ადმინისტრაციების მიმართ არსებულ რეგულაციებსა და მათ მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების PCR ტესტირებაზე.
მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ონლაინ შეხვედრა თელავის დემოკრატიის სკოლის მონაწილეებთან და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული ვითარებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და კომუნიკაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

























