გიგლა მიქაუტაძე - ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაცია იყო თვალებში ნაცრის შეყრა

ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაცია იყო თვალებში ნაცრის შეყრა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას.

მიქაუტაძემ მთავრობის მიერ შექმნილი ბიზნესისთვის საკრედიტო-საგარანტიო ფონდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ფონდი ბუტაფორიული იქნება. მისი შეფასებით, მსგავსი ფონდის შექმნა მისასალმებელია, თუმცა იგი უნდა დაეფუძნოს სიცოცხლისუნარიან სქემას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო მისი მასშტაბი უნდა იყოს 3 მილიარდი ლარი, რათა უზრუნველყოს ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება ახლაც და კრიზისის შემდეგაც.

„პირველ რიგში, თვალებში ნაცრის შეყრაა ეკონომიკის მინისტრის მიერ სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა კრიზისამდე. მინდა მინისტრს შევახსენო, რომ 2013-2019 წლებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა 4.09 % იყო, რაც ტრაბახის საფუძველი ნამდვილად არ არის ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს არის ზრდა, რომელიც ვერასდროს გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან. იგივე პერიოდში მაქსიმალური ზრდა მიღწეულ იქნა მხოლოდ 2019 წელს 5.1 %-ის სახით, მაშინ, როცა მეზობელ სომხეთში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 7.6 % შეადგინა, ტაჯიკეთში 7.5%, უზბეკეთში 5.6% და ა.შ.

მისასალმებელია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა ბიზნესისთვის საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის თაობაზე. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ის იქნება ისეთივე ბუტაფორიული, როგორც მთავრობის ბევრი სხვა ინიციატივა. პირველ რიგში, საუბარია იმ ფონდის გაფართოებაზე, რომელიც ქაღალდზე ორი წელია, არსებობს და რომლის ბენეფიციარი ჯერ თვალით არავის უნახავს. კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მისი მოკრძალებული მასშტაბი. მინისტრი საუბრობს 300 მილიონიან საგარანტიო ფონდზე და პოტენციურ 1000 ბენეფიციარ კომპანიაზე, მაშინ, როცა ქვეყანაში 50.000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტია, ხოლო ბიზნესის საკრედიტო პორტფელი - 21 მილიარდი ლარი.

„ლელოს მოდელის“ მიხედვით, ფონდი უნდა დაეფუძნოს სიცოცხლისუნარიან სქემას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო მისი მასშტაბი უნდა იყოს 3 მილიარდი ლარი, რათა მან უზრუნველყოს ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება ახლაც და კრიზისის შემდეგაც. თუმცა, აუცილებელია, წინაპირობად ჩაიდოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება 80%-იან დონეზე მაინც, რაც ქალბატონ თურნავას გამოსვლაში არ უხსენებია. ჩვენი გათვლებით, აღნიშნული ფონდი 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში,"- განაცხადა მიქაუტაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელი გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ იდეას, რომლის თანახმად მთავრობა ჩინეთიდან გასული ბიზნესკორპორაციების წარმოების საქართველოში მოზიდვას გეგმავს. მიქაუტაძის თქმით, მთავრობის შელახული რეპუტაციის პირობებში ამის განხორციელება ძნელი იქნება. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებას.

„ლელოს“ კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა მინისტრმა ჩინეთიდან გასული საწარმოების საქართველოში მოზიდვის სახით. იდეა შესანიშნავია, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა შელახული რეპუტაციის პირობებში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, როცა ხელოვნურად არის შეჩერებული ანაკლიის პროექტი, ხოლო მისი ინვესტორები იდევნებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სახელმწიფო უწყებების მიერ, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. საქართველოსადმი ინვესტორების ინტერესის შემცირება აისახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც - 2018 წელს მისი მაჩვენებელი 35 %-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელს საერთოდ არ გაზრდილა. „ლელოს მოდელით“ სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ირგვლივ არსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიძლება გახდეს მთავარი მიზიდულობის ცენტრი ინვესტიციებისთვის, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პორტისა და იაპონური ექსპერტების მიერ შემუშავებული ინდუსტრიული ქალაქის განვითარების გეგმა. დღევანდელი მთავრობა კი, ფაქტია, ყველანაირად ხელს უშლის ამ იდეის ხორცშესხმას და ამისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამიტომ მინისტრის განცხადებები ისეთივე ცარიელი სიტყვებია, როგორიც აქამდეც არაერთხელ თქმული მისი და მისი წინამორბედების მიერ,’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა