გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზარი გაიხსნა

დღეიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები.
აღსანიშნავია, რომ ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.

























