გიორგი კანდელაკი - მოვითხოვთ, ზაზა აბაშიძის არა მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენებას, არამედ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც მის წინააღმდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის სოციალურ ქსელში მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს.

კანდელაკი პარტიის სახელით ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად მის მიმართ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მოითხოვს.

„ბატონი აბაშიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახეა და ამ თანამდებობაზე თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა, კვლავაც ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას. „ევროპული საქართველოს“ სახელით მოვითხოვ, არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას, არამედ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რასაც მის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ეთნიკური შუღლის გაღვივება არის არათუ დაუშვებელი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და მის მიმართ ვერანაირ შემწყნარებლობას, საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო ვერ გამოიჩენს“,- განაცადა კანდელაკმა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ზაზა აბაშიძე თავის დროზე იყო ერთ-ერთი პრორუსული პარტიის აქტიური წევრი და ასევე, იგი იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთი ღიად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც არის დაფუძნებული „გორჩაკოვის ფონდის“ მიერ.

„მის საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში „გორჩაკოვის ფონდი“ არის მიჩნეული რუსეთის გავლენის აგენტად და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავრ ინსტრუმენტად. სწორედ ამ ფონდში მოღვაწეობის შემდეგ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომ მისთვის ჩაებარებინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჩვენი კულტურისა და ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ბატონი აბაშიძის შეხედულებები არ არის გამონაკლისი „ქართულ ოცნებაში“. „ქართული ოცნება“ სავსეა სწორედ ასეთი შავრაზმული შეხედულებების ადამიანებით, რომლებიც შეზრდილნი იყვნენ საბჭოთა სისტემასთან. არიან თავისი არსით, სულით და ხორცით საბჭოთა ადამიანები და მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს ჩვენი ხალხის მისწრაფება, რომ ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო“,- განაცხადა კანდელაკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარის სახით დაწერა: „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა