ზვიად შალამბერიძე - ხვალ დილიდან ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შემოვიდეს და გავიდეს, ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით რჩება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვები ხვალ დილიდან მოიხსნება, თუმცა ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით დარჩება.
„შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შემოვიდეს და გავიდეს, ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ. იმერეთში საშვი არავის არ დასჭირდება. საშვი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჭირო, თუ ჩვენს მოქალაქეს ექნება თბილისში გადაუდებელი ჩასვლის აუცილებლობა.
წყალტუბოში ინფიცირების ბოლო შემთხვევის გამოვლენა სწორედ ბლოკ-პოსტზე მოხდა, რამაც ჩვენ აგვაცილა ძალიან ცუდ შედეგებს გნებავთ ქუთაისში და გნებავთ წყალტუბოში. წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, უკვე მეორე კვირაა ყველა რეგიონში გახსნილია ქოლცენტრი, სადაც ხდება ყველა იმ მოქალაქის გადამისამართება იმერეთში, რომელიც 144-ზე რეკავს. შალამბერიძის განმარტებით, 24 საათის განმავლობაში აღნიშნულ მოქალაქეებს უწევენ კონსულტაციას, ასევე მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე.
„ქუთაისში და რეგიონებში უკვე გავხსენით რამდენიმე აგრარული ბაზარი, ჩვენ გვქონდა მონიტორინგი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც გაიხსნება ყველა ბაზარი, რომელიც დააკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს,“- განაცხადა შალამბერიძემ.

























