თამთა შავგულიძე - უნდა მოხდეს იმ ზარალის აღწერა და გაანალიზება, რაც მიადგა და მაიდგება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს საქართველოში

მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა მოწმობს, რომ ხელისუფლებას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგი მთლიანად აქვს ამოღებული პრიორიტეტების სიიდან , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა თამთა შავგულიძემ განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ხელისუფლების მიერ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. შავგულიძის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ ზარალის აღწერა და გაანალიზება, რაც უკვე მიადგა და ამის შემდეგ მაიდგება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს საქართველოში.

,,ხელისუფლებამ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი მარტივად გააუქმა და გადადო საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. მეტიც, მექანიკურად შეჩერებული პროცესებით და არა მათი ახალ რეალობასთან ადაპტირების მცდელობით, სრულიად შეაჩერა კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში არსებული ყველა ფინანსური ნაკადი და გამოუსწორებელი ფინანსური და პროფესიული ზიანი მიაყენა კულტურის ყველა აქტორს.

ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ დაფინანსების მთავარი წყარო არის ხელისუფლება, რომელიც კულტურას, პრაქტიკულად, არ აძლევს დამოუკიდებლად ოპერირების შესაძლებლობას, რამაც ასეთი ტოტალური კოლაფსი გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ლელო საქართველოსთვის” წარმოადგენს კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ხელისუფლების მიერ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში გადასადგმელი ნაბიჯების მისეული ხედვიდან მცირე ამონარიდს. ხელისუფლებას კი ვუცხადებთ, რომ "ლელო საქართველოსთვის” მზად არის მასთან შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის უმთავრესი მიზანი გახლავთ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს არა მხოლოდ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მხარდაჭერა და შენარჩუნება, არამედ პოსტპანდემიური, შეცვლილი რეალობისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგის ეტაპობრივი მომზადება და რბილი, მაქსიმალურად უდანაკარგო ტრანზიციის პროცესისთვის ხელის შეწყობა.

ვთვლით, რომ დაგვიანებულია, მაგრამ რადგან აქამდე არ ჩატარებულა, პირველ ეტაპად უნდა მოხდეს იმ ზარალის აღწერა და გაანალიზება, რაც მიადგა (და მაიდგება) კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს საქართველოში. უნდა შემუშავდეს გაიდლაინების სისტემა, რომელიც: ა) განსაზღვრავს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევაში, როგორ აგრძელებენ მუშაობას კულტურის სექტორის საჯარო სამსახურები; ბ) უნდა შეიქმნას გაიდლაინები, რომლითაც პოსტ-პანდემიური მდგომარეობის შესაბამისი სცენარი განისაზღვრება.

უნდა გაანალიზდეს კულტურის სფეროში სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დაგეგმილი ხარჯები, უნდა მოხდეს მათი პრიორიტეტიზაცია და საგანგებო მდგომარეობასთან ადაპტირება. უნდა შედგეს მაღალი და დაბალი პრიორიტეტების ნუსხები იმის მიხედვით, თუ სად გვაქვს გამოუსწორებელი ზიანის მიღების საფრთხე, რისი გადადება ან კონსერვაცია მოხერხდება, რა საქმიანობა იქნება შესაძლებელი პანდემიური თუ პოსტ-პანდემიური ჯანდაცვის პროტოკოლების პირობებში, რომელი კონტენტია ონლაინ სივრცისთვის ადაპტირებადი და სხვ.

უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის ახალ რეალობასთან მიმართებაში გადააზრება, ისევე, როგორც საყოველთაო დიგიტალიზაციისა და კულტურის ონლაინ სივრცეში გადატანის პროცესში, უმნიშვნელოვანესია ინტელექტუალური და საავტორო უფლებების საკითხის დარეგულირება და ავტორის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო ფონდებსა და მათ ბენეფიციარებს შორის პანდემიამდე აღებული ფინანსური ვალდებულებები ახლად დამდგარი რეალობის გათვალისწინებით უნდა დარეგულირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურის ფინანსურად დაზარალებული სექტორი კიდევ მეტად დაზარალდება.

უნდა შემუშავდეს ახალი ტიპის მრავალასპექტიანი საგრანტო პროგრამები, რომელთა დახმარებითაც მოხდება პოსტკრიზისული რეალობისთვის მზადება. კერძოდ, უნდა გამოცხადდეს ახალ რეალობაზე ორიენტირებული საგრანტო პროგრამები კულტურის ყველა მიმართულების აქტორებისთვის, რითიც დამდგარ რეალობაში ხელს შევუწყობთ არა მხოლოდ სფეროს აქტორთა ქმედითუნარიანობას, არამედ დავეხმარებით კულტურაში მიმდინარე პროცესების მდგრადობისა და უწყვეტობის შენარჩუნებას.

ახალი საგრანტო პროგრამები უნდა გამოცხადდეს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელ მკვლევართათვისაც, რომელიც მიმართული იქნება დარგების შესაბამისი კვლევითი ინსტრუმენტარიის გამოყენებით კოვიდ-19-ის მიერ მოტანილი ახალი რეალობის და სრულიად განსხვავებული მომავლის, კულტურის სტრუქტურული ცვლილებების, ახალი კულტურული პატერნების, შეცვლილი ან გარემოს ზემოქმედებით ცვალებადი იდენტობების კვლევისკენ. ყველა კვლევის საბოლოო შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის შექმნილი სარეკომენდაციო პაკეტი, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო ინსტიტუციებს საკუთარი მოქალაქის კულტურული და სოციალური პორტრეტის დანახვაში, ისევე, როგორც დამდგარი რეალობის კონფიგურაციის გააზრებასა და შემდგომი სტრატეგიების სწორ განსაზღვრაში", - განაცხადა თამთა შავგულიძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა