ირაკლი ქადაგიშვილი - ზვავის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ძებნა გრძელდება, მაშველთა დიდ ჯგუფთან ერთად, ადგილზე გარემოს სააგენტოს სპეციალისტებიც მუშაობენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთა თუშეთში ზვავის ქვეშ მოყოლილი 2 პირიდან ერთი მაშინვე ამოიყვანეს და მას ფეხის ტრავმა აღენიშნება, ხოლო მეორე კი ჯერჯერობით არ უპოვნიათ.
როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დრომდე ადგილზე მაშველების დიდი ჯგუფი მუშაობს.
„მთა თუშეთში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია, მოხდა ზვავის ჩამოწოლა 2 ადამიანი იყო მოყოლილი, ერთი მაშინვე იქნა ამოყვანილი ზავიდან მას ფეხზე ტრავმა აქვს, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არაფერია. ერთი ადამიანი ჯერჯერობით არ ითვლება ნაპოვნად. იქ შესულია მაშველთა დიდი ჯგუფი, მათთან ერთად არის გარემოს სააგენტოს სპეციალისტებიც. მთელი ეს მონაკვეთი მეწყერსაშიშია და მითუმეტეს, იმ კლიმატური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო დღეებში გვაქვს. ამჟამად მაშველთა ყველა ჯგუფი არის ასული და სამაშველო სამუშაოები გრძელდება, უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვექნება შუადღის შემდეგ,“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ თუშეთის გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა 2 ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.

























