საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - თუშეთში, ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - თუშეთში, ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული.

მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.

„ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს. გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი, ამ დრომდე გრძელდება. ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები მუშაობენ და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.