იმერეთში მე-5 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

იმერეთის მხარეში უკვე მე-5 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და ეპიდსიტუაცია უცვლელია, - აღიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
„მე-5 დღეა, რაც ახალი შემთხვევა არ გვქონია. რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კვლევები გრძელდება, იქიდან გამომდინარე, რომ აქ საკარანტინე სივრცეები გვაქვს, ყველა ადამიანი საკარანტინე სივრცეს კვლევის შემდეგ ტოვებს. დღის განმავლობაში, 150-200 ტესტს ვიღებთ, თუმცა, როგორც აღვინიშნე, მე-5 დღეა, ყველას ტესტი უარყოფით შედეგს გვაძლევს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, შალამბერიძის თქმით, ჯერ საბოლოო ინფორმაცია არ არის და ზარალის დადგენა მიმდინარეობს.
„ვიმსჯელებთ, მთავრობის ხაზით წავალთ, თუ ადგილობრივი ბიუჯეტით დავაფინანსებთ, რადგან ზარალი საკმაოდ დიდია. ბეტონის საფარის გზები დაზიანდა, ის ისევ აუცილებლად ბეტონით უნდა მოეწყოს. მოსახლეობის ზარალს რაც შეეხება, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, თუ რა ზარალი მიადგა მათ, ისევ აღწერას ვაკეთებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

























