კობა გვენეტაძის ვარაუდით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა ნავარაუდევზე უფრო ხანგრძლივად დარჩება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება.

ამასთან, როგორც კობა გვენეტაძე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე საუბრისას აცხადებს, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4% შეადგინა. თუმცა, შემდგომ, COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზეც იმოქმედა.

მისივე განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ერთი მხრივ, და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურეობის წარმოების ხარჯების ზრდა, მეორე მხრივ, რის შედეგადაც, მარტში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, აპრილში კი 6.9 პროცენტამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება.

„ COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და რასაკვირველია, ამან თავისი გავლენა საქართველოზეც მოახდინა.

ინფლაციის გრძელვადიანი დინამიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ერთობლივი მოთხოვნა იქნება. განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 4%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს. მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. 9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც. ამასთანავე, 13 პროცენტით შემცირებულია იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება, აღარ არის არსებულ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და 29 აპრილის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.50 პროცენტამდე შეამცირა. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რატომ ამცირებს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია. ამასთან დაკავშირებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა მიმდინარე ინფლაციაზე დაყრდნობით, არამედ ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზის გათვალისწინებით. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ინფლაციის მოლოდინები არ გაიზარდოს. ამასთან, როგორც ადრე, ვიმეორებ, რომ გრაფიკზე მოცემული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია დაპირება არ არის, ეს არის დღევანდელი ხედვა და, ახალი ფაქტორების გამოვლენასთან ერთად, ის შესაძლოა გადაიხედოს”,-აღნიშნავს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება, ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი 3%-იანი დონისგან.

„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტია. საშუალოვადიანი პერიოდისთვის ხაზგასმას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს ის შეიძლება იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ან ქვემოთ, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს ან ინფლაციის ლიმიტს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს - ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას”,-აცხადებს კობა გვენეტაძე.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს