სოფიო ქაცარავა - გლობალური ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილში მყოფ მცირე ზომის ქვეყნებს იმედს აძლევს

მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის შემდეგი გამოწვევა იქნება შეზღუდვების მოხსნის გზებისა და დროის სწორი შერჩევა, - ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა აცხადებს.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გამო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ დებატებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ეს საკითხი დაბრუნდება სხვა გეოპოლიტიკურ დებატებთან ერთად. ქაცარავა ხაზს უსვამს, რომ პანდემიიდან გამოსვლის გზების დასახვისას და ღია ვაჭრობის აღდგენისას, აუცილებელია მოკავშირე ქვეყნების ერთად მუშაობა ეკონომიკის ასამუშავებლად.

"როდესაც შემომთავაზეს და სიამაყით დავთანხმდი საქართველოს ელჩად ლონდონში მუშაობას, მსოფლიო ძალიან განსხვავებული იყო. ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მთელი ცხოვრება გავიდა იმ მომენტიდან. ამავდროულად, საუბარი გამუდმებით იყო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე, როგორც ისტორიულ და უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყობაზე, რაც უდიდეს გავლენას იქონიებდა ხალხის მობილობაზე, მთავრობის ხარჯვით ნაწილზე, მარეგულირებელ სისტემასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ზოგიერთის აზრით, ეს კრიზისის მომასწავებელი იყო, სხვების ხედვით - შესაძლებლობა იქმნებოდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ ქვეყნად გარდაქმნისთვის და სამყაროსადმი გახსნისთვის. ყოველივე ამის ფონზე, ყოველთვის შესაგრძნობი იყო უფრო მსხვილი, თუმცა ნელა ტემპით მოძრავი გეოპოლიტიკური ცვლილება: საქართველოს ჩათვლით არამხოლოდ მეზობელი ქვეყნებისკენ მიმართული, არამედ უფრო შორს მიმავალი რუსეთის აგრესიის შეკავება. ლონდონის, სელსბერისა და სხვა ქალაქების ქუჩებში მკვლელობებით ის სისასტიკე განმეორდა, რასაც სისტემატიური ხასიათი აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში. უფრო ბოლოდროინდელი კიბერთავდასხმა, რომელიც ბრიტანულ, ამერიკულ და ქართულ უწყებათა პარტნიორობით გამოვლინდა, ცხადყოფს, რომ საფრთხე მზარდია და ფიზიკური განზომილების გარდა ციფრულ სამყაროსაც მოიცავს. დღეს, ეს მონუმენტალური გეოპოლიტიკური ძვრებიც კი ძლივს ხვდება ახალია ამბების ყოველდღიურ გამოშვებებში. ახალი კორონავირუსის გავლენა თვალსაჩინოა გეტვიკის თითქმის ცარიელ აეროპორტში დაშვებისას, რისი გამოცდილებაც თავად მქონდა გასული თვის დასაწყისში. ახლა, როდესაც ლონდონში სახლშიდან ვმუშაობ, თვალს გამუდმებით ვადევნებ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ფლორენს ნაითინგეილის სახელობის ცხელების ახალი ცენტრების მშენებლობისკენ მიმართულ ინსპირაციულ ძალისხმევას და ბრინატელი მედპერსონალის მიმართ საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობაც თავგამეტებით მუშაობს ვირუსის დასაძლევად: ჩინეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ფრენები ადრეულ ეტაპზე შეიზღუდა, ქართული საზოგადოება გაგებით მოეკიდა სახლში დარჩენის წესებს, გავრცელებაც შეკავებული იქნა და მრუდიც პლატოდ იქცა. დღემდე ახალი კორონავირუსით მხოლოდ ცხრა ადამიანი დაგვეღუპა საქართველოში; ბევრის სიცოცხლე შევინარჩუნეთ მთავრობის სწრაფი მოქმედების წყალობით. მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის შემდეგი გამოწვევა იქნება შეზღუდვების მოხსნის გზებისა და დროის სწორი შერჩევა, ეკონომიკის შეძლებისდაგვარად სწრაფი, თუმცა უსაფრთხო ამუშავება. ბუნებრივია, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ დებატებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა ახალი კორონავირუსის გამო, თუმცა ეს საკითხი დაბრუნდება სხვა გეოპოლიტიკურ დებატებთან ერთად. საქართველოში ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას მივიჩნევთ იმ შანსად, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს აძლევს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოდ წარმოჩინებისა და მთელს მსოფლიოში სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას. გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ პერიოდზე გათვლილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, თავისი სავაჭრო გარიგებით, ამის თვალსაჩინო მაგალითია. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს იზიარებენ თანამედროვე სამყაროს შესახებ. ჩვენს მთავრობებს ესმით ძლიერი ჩარდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობა, რაც დემოკრატიის, ინდივიდების თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ურყევ დაცვას გულისხმობს, თუ მათ ოდესმე რაიმე დაემუქრება. საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გააზრებული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნაკისრი ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეს ირონიაა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, თუმცა ჩვენი ერისთვის სწორი კურსია სამომავლოდ,"- აცხადებს ქაცარავა.

გარდა ამისა, იგი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გატარებულ რეფორმებზე.

"საქართველომ საოცარი მიღწევები იქონია ბოლო წლებში გაერთიანებული სამეფოდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა სახელმწიფოებდან ყველაზე წარმატებული პოლიტიკის ჩვენეული ვერსიების დანერგვით. ბრიტანეთის უნიკალური ნაზავია ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, რაც ასევე გულისხმობს სამართლიან საგადასახადო სისტემას და თავისუფალ ვაჭრობას. ეს გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს გარდაქმნაზე პასუხისმგებელი ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. სიღარიბის დონე გავანახევრეთ, ეკონომიკური შესაძლებლობები გავაფართოვეთ საზოგადოების ყველა მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენმა მთავრობამ შეამცირა კორუფცია და უზრუნველყო მრავალპარტიული ეროვნული თანხმობა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში დემოკრატიის მტკიცე კონსოლიდაციას ისახავს მიზნად. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია და მცირედით ჩამორჩება მე-7 ადგილზე მყოფ გაერთიანებულ სამეფოს, თუმცა წინ უსწრებს 23-ე ადგილზე მყოფ შეერთებულ შტატებსა და 27-ე ადგილზე მყოფ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ვიცი, რომ ზოგისთვის „გლობალური ბრიტანეთი“ შეიძლება გამეორებადი ჩანაფიქრის მქონე იყოს, თუმცა - მენდეთ - საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისთვის ამას რეალური მნიშვნელობა გააჩნია. ეს არის ბრიტანეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის დასაწყისი: რა თქმა უნდა, იქნება გამოწვევები (ყველაზე აქტუალური დღევანდელი პანდემიაა), თუმცა დიდი შესაძლებლობებიც იარსებებს. ამ პანდემიიდან გამოსვლის გზებს რომ ვსახავთ და ეკონომიკური ზრდის, ღია ვაჭრობისა და თანამშრომლობის დაბრუნებას ვცდილობთ, აუცილებელი იქნება ჩვენი - მოკავშირეების - ერთად მუშაობა ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკის ასამუშავებლად. მოუთმენლად ველი ბრიტანელ მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად საქმის ჩემი წილის შესრულებას, რათა ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ," - აცხადებს ქაცარავა.

აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა